თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები.
„საბურთალოს რაიონში, პეკინის N17-ის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. გვინდა, რომ ეს სივრცე სრულად განახლებული იყოს, რის შედეგადაც მოსახლეობას ექნება ადგილი, სადაც შეძლებენ დასვენებას, ბავშვები – გართობას. აქ, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ატრაქციონების, მოსასვენებელი პავილიონებისა და სავარჯიშო სივრცის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების შესრულებას ერთი თვე დაჭირდება. დაირგვება ხე-მცენარეები, ტერიტორია იქნება განათებული და ყოველმხრივ მოწესრიგებული. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ხვიჩიას ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია და სივრცეები ერთმანეთს დაუკავშირდება. ამ სამუშაოების განხორციელებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ, როგორც კი პროექტი გვექნება. ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და, პირველ რიგში, აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან ლამაზი, გამწვანებული, მოწესრიგებული სივრცე დასვენებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ღირებულება 441 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს, მერთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი არჩილ ნიჟარაძე გაეცნენ.