ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო

ისნის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნების მშენებლობა დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სატურნირო და სავარჯიშო სკეიტმოედნები, 7×7-ზე ფეხბურთისა და პადელის მოედნები, ასევე, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ორ ამორტიზებულ კორტს.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ისანი-სამგორის კომპლექსური ცენტრის ტერიტორიაზე გასულ წელს რამდენიმე კორტის მშენებლობა განვახორციელეთ, თუმცა ძალიან დიდი იყო მოთხოვნა და დავგეგმეთ, რომ ის დარჩენილი ტერიტორია, რაც აღნიშნულ ცენტრს ჰქონდა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ტერიტორიას დაემატა პადელის კორტები, ჩოგბურთის ორი ღია და ორი დახურული მოედანი, ასევე, მოეწყო საფეხბურთო მოედანი. დამონტაჟდა განათების სისტემა და მოეწყო დედაქალაქში ყველაზე დიდი სკეიტ პარკი. ძალიან კარგი სპორტული ცენტრია, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ყველა ასაკის ადამიანმა ივარჯიშოს. ჩვენ მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სპორტის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მიხარია, რომ უამრავი ბავშვი, ახალგაზრდა იყენებს აღნიშნულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, დიდი ყურადღება ეთმობა სპორტს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

„ის შედეგები, რაც გვაქვს სპორტში სხვადასხვა მიმართულებით, შემთხვევითი არ არის. ამდენი ოქროს მედალი, გამარჯვება, წარმატება, რა თქმა უნდა, ყველაფერი თანხვედრაშია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა რაიონებში, ქალაქებში, დედაქალაქში, რათა ახალგაზრდებს, ბავშვებს ჰქონდეთ ნორმალურ პირობებში ვარჯიშის შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. გვინდა, რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში არსებობდეს სივრცეები, სადაც ახალგაზრდები სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდებიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

სამუშაოები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა აწარმოვა. პროექტის ღირებულება შეადგენს 6 მილიონ ლარს.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მერთან ერთად კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, ისნის გამგებელმა აკაკი ხლაბუსტოვმა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები