ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებს.
ამის შესახებ Eurointegration წერს.
ევროპარლამენტმა აღიარა, რომ რუსეთი უკრაინაში ახორციელებს “განურჩეველ თავდასხმებს საცხოვრებელ რაიონებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე”, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგრესორები “სიკვდილით სჯიან, იტაცებენ, მიმართავენ სექსუალურ ძალადობას, წამებას და სხვა სისასტიკეს“.
რეზოლუციაში ასევე ნახსენებია ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში, ირპინში, იზიუმსა და ლიმანში, ასევე თავდასხმები მარიუპოლის თეატრსა და კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე.
პროექტის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთი არღვევს გაეროს წესდების პრინციპებს, გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისი მარიუპოლში და გაანადგურა ქალაქის 95%, ბლოკავს უკრაინელების წვდომას გაზზე, ელექტროენერგიაზე, წყალსა და ინტერნეტზე, ასევე ძირითად საქონელსა და მომსახურებაზე.
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები, წარმოადგენს ტერორის აქტებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებებს; გამოხატავს თავის უპირობო აღშფოთებას და გმობს ამ თავდასხმებს და სისასტიკეს და სხვა ქმედებებს, რომლებსაც რუსეთი სჩადის თავისი დესტრუქციული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად უკრაინასა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოს, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს შეიმუშაონ საკანონმდებლო ბაზა, რომ განისაზღვროს სახელმწიფოები, როგორც ტერორიზმის სპონსორები და სახელმწიფოები, რომლებიც იყენებენ ტერორისტულ საშუალებებს, რაც გამოიწვევს მთელ რიგ მნიშვნელოვან შემაკავებელ ზომებს ამ ქვეყნების მიმართ.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, მიიღონ ზომები რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის დასაწყებად, მათ შორის რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ორგანოებში, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭო, და თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რაიმე სახის ოფიციალური ღონისძიებების ჩატარებისგან.
“ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შემცირებას და მის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანას; მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დახურონ და აკრძალონ რუსული სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრები, ასევე რუსული დიასპორის ორგანიზაციები და ასოციაციები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის დიპლომატიური მისიების ეგიდით და ხელმძღვანელობით და ხელს უწყობენ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ასევე, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების ესკალაციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს დააჩქაროს მუშაობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე.
დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რეზოლუცია უნდა გაუგზავნოს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში; ევროკავშირის საბჭოს; ევროკომისიას; წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს; გაერო-ს გენერალურ მდივანს; ევროპის საბჭოს; ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს; ასევე უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს.