„თუ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, სავსებით შესაძლებელია, რომ ფასების შემცირების ტენდენცია კიდევ უფრო ქვემოთ წამოვიდეს“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის კარგი ტენდენციაა.
„ჩვენ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია საკმაოდ კარგი გვაქვს. პრაქტიკულად, ყველა მაკროეკონომიკურ პარამეტრში, რაც შეიძლება, როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ისე ფასებზე მოქმედებდეს, ზრდის ტენდენცია გვაქვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ისევ დასტაბილურებაა მოსალოდნელი, პირველ ყოვლისა, ლარის კურსის, რაც ფასების ზრდაზე პირდაპირ მოქმედებს.
მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ თურქეთის რესპუბლიკაში როგორც სავალუტო, ისე – ეკონომიკური დიდი კრიზისია, ლირის გაუფასურებამ 90-იანი წლების მაჩვენებლებს პირველად მიაღწია. ამ დაძაბული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო, ლარის კურსი მდგრადობას ინარჩუნებს, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასები მხოლოდ მინიმალური მაჩვენებლით იზრდება. თუ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, სავსებით შესაძლებელია, რომ ფასების შემცირების ტენდენცია კიდევ უფრო ქვემოთ წამოვიდეს. მოცემული ვითარება ამის იმედს გვაძლევს, პროგნოზებიც პოზიტიურია“, – განაცხადა ანგურიძემ.
მანვე ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.
„ინფლაცია და ფასების მატება ბოლო პერიოდში როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში შეინიშნება. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ფასების ზრდა და ინფლაცია მხოლოდ მიმდინარე წლის პრობლემა არ არის. ეს პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, გარკვეული შეზღუდვები იყო, გარკვეულმა სახელმწიფოებმა პროდუქტებზე კვოტები დააწესეს, ტრანსპორტირება, ექსპორტები შეამცირეს, რამაც შექმნა პირველი ბიძგი იმისა, რომ ფასებს ზრდა დაეწყო. 2022 წლამდე პანდემიის გამო წარმოქმნილი ფასების ზრდა მოდიოდა. 2022 წელს უკვე რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყო, ამან განაპირობა ის, რომ, ერთი მხრივ, ევროპამ რუსეთს გარკვეული სანქციები დაუწესა, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთმა ამ შემთხვევით ისარგებლა და ენერგომატარებლებზე, ენერგოპროდუქტებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა. ამან ევროპაში დიდი კრიზისი გამოიწვია, რაც დღესაც არსებობს და ზამთრის პერიოდში ეს კრიზისი პიკში შევა. აღნიშნულმა პროცესმა ჯაჭვისებური პრინციპით, ფასების ზრდის დინამიკაში აბსოლუტურად ყველა სექტორი ჩაითრია, რადგან, პრაქტიკულად, ყველა პროდუქტის ფასწარმოქმნაში ენერგოპროდუქტების ტარიფები ფიგურირებს, მათ შორის, ელექტროენერგიის, გაზის, ნავთობპროდუქტების, რომელიც უშუალოდ სადისტრიბუციო მომსახურებასთანაა დაკავშირებული. ამან, ბუნებრივია, ასახვა საქართველოს ბაზარსა და ფასებზეც ჰპოვა. როდესაც გლობალიზაციაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, რომ ასეთი ტენდენციები საქართველოზე ასახული არ იყოს. ბუნებრივია, ინფლაცია ჩვენთანაც საკმაოდ მაღალია, უკვე წელიწადზე მეტია ორნიშნა მაჩვენებელი გვაქვს. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გასული ზაფხულის შემდეგ, ინფლაციის მაჩვენებელმა 10, 6 %-ის ფარგლებში შემცირება, პრაქტიკულად, პირველად განიცადა. ანუ, თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში შემცირების ასეთი ტენდენცია არ გვქონია. შემცირება განპირობებულია იმით, რომ ევროპაში გაზრდილ ფასებს საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდა დაუპირისპირა, რამაც ბალანსის თვალსაზრისით გავლენა იქონია და ფასების შემცირება განაპირობა“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
ანგურიძემ ის ფაქტორები განმარტა, რაც ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს.
„ეკონომიკურ ზრდაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და ამ ფაქტორების საკმაოდ კარგი გაუმჯობესების ტენდენციაა.
პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილია. წლის პირველი ათი თვის მონაცემებმა 2019 წლის პირველი 10 თვის მონაცემებს გადააჭარბა, რაც იმას გულისხმობს, რომ ტურიზმმა ამ პერიოდში არათუ აღდგენა განიცადა, არამედ უკვე 2019 წლის მონაცემებს, პანდემიამდე არსებულ ვითარებას გადაასწრო. ტურიზმი განვითარებასა და ზრდას სწრაფი ტემპით განაგრძობს. შემდეგი ფაქტორი, რამაც ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიურად იმოქმედა, საგარეო ვაჭრობის დინამიკაა. თითქმის ორი წელია, ყოველ ახალ თვეში ექსპორტის დინამიკა რეკორდულია. ამან, რა თქმა უნდა, საქართველოში კაპიტალის შემოდინება განაპირობა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ფონი დააბალანსა, ლარის კურსის გამყარებას და დასტაბილურებას შეუწყო ხელი.
რეგიონში, როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით დაძაბული ფონია. ამ ვითარებამ საქართველოში კაპიტალის შემოდინებას ხელი შეუწყო, რაც ასახულია როგორც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ასევე საბანკო არხებით ფულადი კაპიტალის გადმორიცხვებში. იმის თქმა მინდა, რომ მთელს ევროპასა და რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველო რეგიონში ერთადერთი სტაბილური და მშვიდი ქვეყანაა, რამაც კაპიტალის შემოდინებას, მოზიდვას ხელი შეუწყო. აღნიშნულმა ჩვენთან ის ნეგატიური მოლოდინები დააბალანსა, რაც, შესაძლებელია, ევროპის კონტინენტიდან და რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ყოფილიყო“, – განაცხადა ანგურიძემ.