დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია რაც დრო გავა, უფრო კარგად მიხვდება, რომ არანაირი აზრი არ აქვს ბრძოლას იქ, სადაც მტყუანი ხარ
,,რადიკალური ოპოზიცია რაც დრო გავა, უფრო კარგად მიხვდება, რომ არანაირი აზრი არ აქვს ბრძოლას იქ, სადაც მტყუანი ხარ, სადაც დამარცხდი და ერთი არგუმენტიც არ გაქვს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
„გადასარევად იციან, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა. რამდენიმე შემთხვევა იყო, მათზე გამოძიებებია დაწყებული, უბანი, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, საერთოდ არ არის ჩათვლილი მთელ ანგარიშში. არ არსებობს დარღვევა, რომელსაც არა თუ გლობალურად და ფატალურად, უმნიშვნელოდაც კი მოეხდინა გავლენა არჩევნების შედეგებზე. ასეთი არც დოკუმენტი არსებობს, არც ინფორმაცია და არანაირი მტკიცებულება. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, პროტესტი როდესაც უშინაარსო და ხელოვნურია, მხარდამჭერებიც, რომლებიც მცირე რაოდენობით არიან, ნელ-ნელა შემოეცლებიან. ფუჭ და უსამართლო პროტესტს სხვა ლოგიკური შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს. არავინ მხარს არ უჭერს, არც ქართული საზოგადოება და კარგად თუ მოუსმენენ ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩვენს მეგობრებს, გამონათქვამებსა და ფრაზებშიც კარგად ჩანს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ არჩევანს, რომელიც საზოგადოებამ გააკეთა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.