ვოლსკი – საპროტესტო აქციებზე: ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
“მე ვფიქრობ, ისინი [ოპოზიცია] შემოვლენ პარლამენტში და როგორც ადრე, თავის თავს პუფებს ეძახდნენ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ახლაც მათი პუფობა იქნება კიდევ ერთხელ დადასტურებული”, – ამის შესახებ “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
“ახლა ოპოზიცია ძალიან ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, ვინც ჩამოვიდა საქართველოში, მათ მიუძღვით უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხის მიმართ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩამოვიდნენ. ხან 8 დეპუტატი იყო სხვადასხვა პარლამენტიდან, იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მოუწოდებდნენ ჩვენს ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, რომ ძალისმიერი მეთოდით აქ შეეცვალათ ხელისუფლება და თუკი წინააღმდეგობა იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან, ეს საუკეთესო შედეგს მოიტანდა იმ შემთხვევაში თუკი სისხლი დაიღვრებოდა, ანუ მაიდანის პროექტი განხორციელდებოდა საქართველოში. მათზე წამხედურობით და ზოგიერთი ევროპარლამენტარის არის ეს გააფთრებული შეტევა, რაც ხორციელდება საქართველოს მიმართ და არა ხელისუფლების, არის წამახალისებელი ამ პოლიტიკური სუბიექტების მავნებლური ქმედებებისა. ბევრი ეპითეტი შემიძლია ვიხმარო, მაგრამ მთავარი იქნება ალბათ თუ ვიტყვი, რომ ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.