მარსი დედამიწას ახლოს ჩაუვლის – ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს
27 აგვისტოს, 00:30 საათზე, პლანეტა მარსი დედამიწას ყველაზე ახლოს ჩაუვლის. ამის შესახებ განცხადება ასტრონომებმა გააკეთეს. როგორც ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მარსი ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი პლანეტაა. იგი მოსახლეობას ურჩევს, რომ ამ დღეს თავი შეიკავონ საქმიანი აქტივობებისგან, რადგან სიტუაცია დაიძაბება.
„დედამიწა ამ დროს შედარებით მშვიდ ენერგოველშია, მაგრამ გარკვეულმა ტრავმულობამ, ავარიულობამ, გაღიზიანებამ და აგრესიულობამ შეიძლება ადამიანებში მოიმატოს. მე ვურჩევ მძღოლებს, ფრთხილად იარონ, სიჩქარეს არ გადააჭარბონ. ამ დროს სასურველი არ არის არანაირი სერიოზული მოლაპარაკება და ახალი საქმის წამოწყება, ოპერაციების ჩატარება. ამასთან, უმჯობესია, რომ თავი შევიკავოთ. მარსი ერთ-ერთი ბოროტი პლანეტა და აგრესიის დამანგრეველი ენერგიების მატარებელია, მით უმეტეს, 25-ში ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა. ესეც მძიმე დღეა და ორ დღეში მარსის სიახლოვე, რა თქმა უნდა, დაძაბავს სიტუაციას“, – აღნიშნავს ასტროლოგი.
27 აგვისტოს ყველაზე ახლო მანძილი დედამიწასა და მარსს შორის დაახლოებით 34,65 მილიონი მილის ტოლი იქნება. მეცნიერების ცნობით, მსგავსი მოვლენა 2287 წლის შემდეგ განმეორდება და მისი ნახვის საშუალება მხოლოდ ერთხელ მოგვეცემა.