„მის უკრაინა 2007“, ლიკა რომანი: საოცარი სანახავია, სხვადასხვა ერი, მათ შორის, ქართველი ერი როგორ უდგას გვერდში უკრაინას, ზუსტად ამას ჰქვია ერთობა და ტოლერანტობა
საოცარი სანახავია, სხვადასხვა ერი, მათ შორის, ქართველი ერი როგორ უდგას გვერდში უკრაინას, რომ ეს განსაცდელი გადაიტანოს. ზუსტად ამას ჰქვია ერთობა და ტოლერანტობა, – ამის შესახებ „მის უკრაინა 2007-მა“, ლიკა რომანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ლიკა რომანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობს.
„ჩემთვის პატივია და მართლაც ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ. როცა აქ მოვდიოდი, შენობებზე ქართული და უკრაინული დროშები შევამჩნიე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვხედავ, თუ როგორ უდგას გვერდში ქართველი ხალხი უკრაინას. ვხედავთ, როგორი მყიფეა მსოფლიო მდგომარეობა ჯერ კოვიდის შემდეგ, ახლა კი – უკრაინაში ომის გამო. ვხედავთ, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე ვაშენებდით, შეიძლება, ერთ წუთში ჩამოინგრეს. ერთადერთი, რაც სიმყარის განცდას გვაძლევს, არის ის, რაც ადამიანის შინაგანში ხდება. უკრაინაში აღმოვაჩინეთ, რომ ამ მდგომარეობის გამო უამრავმა ადამიანმა ეკლესიას მიაშურა. ყველას ისეთი განცდა აქვს, რომ არ ვიცით, ხვალინდელი დღე როგორი იქნება და ადამიანები თავშესაფარს რწმენაში ეძებენ. ჩვენ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ. ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი ისაა, რომ ქართველ ხალხთან ვიყო და ჩვენი გამოცდილება გავუზიარო. საღამოს შემდეგ საკითხებზე ვისაუბრებთ: თუ როგორ გეხმარება ღმერთის რწმენა, გადალახო ყველა სირთულე, ასევე, არა მხოლოდ გადავიტანოთ სირთულეები, არამედ მომავლის იმედიც გვქონდეს.
კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოს მადლობა გადავუხადო. საოცარი სანახავია, სხვადასხვა ერი, მათ შორის, ქართველი ერი როგორ უდგას გვერდში უკრაინას, რომ ეს განსაცდელი გადაიტანოს. ზუსტად ამას ჰქვია ერთობა და ტოლერანტობა“, – განაცხადა ლიკა რომანმა.
16-18 ნოემბერს საქართველოს რელიგიური გაერთიანებები ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, 2022 წელს საქართველოს რელიგიური გაერთიანებების მიერ ტოლერანტობის დღის აღნიშვნას სახარების რწმენის ეკლესია (50-იანელები) მასპინძლობს.
„ღონისძიება 16, 17 და 18 ნოემბერს გაიმართება და მასში რამდენიმე ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, უცხოელი სტუმრები: ბრიტანელი რელიგიური მოღვაწე დევიდ ჰეთევეი; „მის უკრაინა 2007“ – ლიკა რომანი; NBA-ის 2004 წლის ჩემპიონი მაიკ ჯეიმსი; NBA-ის მოთამაშე უესლი ფლუენი და კოლინს მანდრაე; საკალათბურთო შოუმენი ბრიუს კრევიე და ენბიეის კაპელანი ბილ ალექსონი. ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნება და დარიგდება საჩუქრები.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან: საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების მიზანია: საქართველოში მცხოვრები კონფესიების მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება და ტოლერანტობის გაძლიერება თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.
ღონისძიების ორგანიზატორია სახარების რწმენის ეკლესია. ღონისძიება ტარდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით და ევანგელურ ალიანსის ხელშეწყობით.
მისამართი: თბილისი არენა, უნივერსიტეტის ქუჩა 15“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.