ილია დარჩიაშვილი პლენარულ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს – მინისტრის მოსმენა კვლავ გადაიდო
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა კვლავ გადაიდო. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მინისტრი 18 ნოემბრის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღებს.
ილია დარჩიაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა. მას საინტერპელაციო კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა გაეცა, თუმცა, მაშინ მინისტრის ამ ფორმატში მოსმენა აშშ-ში მისი ვიზიტის გამო გადაიდო.
დარჩიაშვილისთვის გაგზავნილი კითხვები შეეხებოდა რუსეთის ოკუპაციას, ბიჭვინთის ანექსიის პროცესს და ამ საკითხთან დაკავშირებით უწყების დუმილს, ასევე, სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და მის რუსეთისთვის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებულ თემას. კითხვები შეეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს.
საინტერპელაციო კითხვებს ხელს აწერენ: – თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ხათუნა სამნიძე და დავით ბაქრაძე.