პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით კენჭს ანტიკორუფციულ კანონპროექტს უყრის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანტიკორუფციულ კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
კანონის პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად არის შემუშავებული და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს. უწყება პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
კანონპროექტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ქვეყნის ანტიკორუფციულ გეგმასა და პოლიტიკას შეიმუშავებს. რაც შეეხება ბიუროს ხელმძღვანელს, ის სპეციალურად დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული კანდიდატების საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ აირჩევა.
დოკუმენტი მიუღებელია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, მათთვის გაუგებარია რატომ ამჯობინა “ქართულმა ოცნებამ” ეს ვარიანტი მათ მიერ ერთი წლის წინ შეთავაზებულ კანონპროექტს, რომელსაც სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა აქვს.
მმართველი გუნდი კი ბიუროს საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვის აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ საქართველოში კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით კონკრეტული უწყებები გამოძიებას უკვე ატარებენ.