დასავლეთთან დაპირისპირებით და ულტიმატუმის წაყენებით, პუტინის რუსეთმა ფაქტობრივად, ის ტოტი მოჭრა, რაზეც ამდენი საუკუნე იჯდა, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, ხერსონის დაბრუნებით დამტკიცდა, რომ უკრაინული კონტრშეტევა, რომლის უკანაც დასავლეთი დგას, ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„თანამედროვე რუსული იმპერიალიზმი არც პუტინით დაწყებულა, არც დუგინით და არც ნიკიტა მიხალკოვით. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ დასავლეთი და კერძოდ რომის მიერ ხდება ახალი გეოპოლიტიკური პასეანსის გათამაშება, სადაც რუსეთი უნდა დაპირისპირებოდა მზარდი ამბიციის და მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე ოსმალეთს, რომელიც მაშინდელი ქრისტიანული ევროპისათვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა.
რუსეთის იმპერიის აღზევებაც კონსტანტინოპოლის დაცემით, მეთხუთმეტე საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყება, მაშინდელი დასავლეთისათვის, კერძოდ ვატიკანისთვის ცხადი გახდა, რომ ოსმალეთი ბიზანტიაზე არ შეჩერდებოდა, რადგან კონსტანტინოპოლის დაცემით ოსმალეთის იმპერიამ კონტროლს დაუქვემდებარა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები. კონსტანტინოპოლის აღებით გაწყდა ის რგოლი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებდა, რამდენადაც სწორედ ბიზანტიის დედაქალაქი გახლდათ ის ბოლო პუნქტი, სადაც პეკინიდან დაძრული ქარავნები ახდენდნენ საქონელ ბრუნვას.
ამიტომ, შემთხვევითი არ იყო, რომ მეთხუთმეტე საუკუნის 40-იანი წლებიდან ამ ახალ პოლიტიკურ წესრიგში მოსკოვის სამთავრო აქცია დასავლეთმა ოსმალეთის სამიზნედ და თავისებურ ფარად, რათა საკუთარი თავი გადაერჩინა.
ფაქტობრივად, რუსეთის იმპერია დასავლეთმა შექმნა, რუსეთმა ეს ფუნქცია დასავლეთისათვის ავად თუ კარგად დღემდე შეასრულა, რუსეთი იყო დასავლეთის მოკავშირე პირველ და მეორე მსოფლიო ომებში და მიუხედავად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ე.წ რკინის ფარდისა, ჯერ სსრკ და შემდეგ თანამედროვე რუსეთი სწორედ თავისებურ ჯებირად რჩებოდა როგორც მუსულმანური რკალის, ისე ჩინური ექსპანსიის შესაკავებლად.
დასავლეთთან დაპირისპირებით და ულტიმატუმის წაყენებით, პუტინის რუსეთმა ფაქტობრივად, ის ტოტი მოჭრა, რაზეც ამდენი საუკუნე იჯდა.
ნიშანდობლივია, რომ თავის დროზე ვატიკანი გვიან მიხვდა თავის შეცდომას, რაც კონსტანტინოპოლთან დაპირისპირებით მოიმკა. და თუ რუსეთის იმპერია იმ დროინდელმა ევროპამ ოსმალეთის იმპერიის ბუფერად შექმნა, პუტინის რუსეთმა ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრის სტატუსი არ იკმარა და თავად დაუპირისპირდა დასავლეთს, ჩინეთთან პოტენციური ალიანსის პოლიტიკური შანტაჟის გათვლით და მანდ წააგო, ისევე როგორც ფაშისტურმა გერმანიამ სსრკ-სთან ომის გამოცხადებით და შემთხვევითი არც აშშ-ბრიტანეთის და სსრკ-ის ალიანსი იყო.
ხერსონის დაბრუნებით დამტკიცდა, რომ უკრაინული კონტრშეტევა, რომლის უკანაც დასავლეთი დგას იქნება ბოლომდე მიყვანილი. რუსეთი არა თუ 24 თებერვლის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიებს დაკარგავს, არამედ ყირიმსაც და კაპიტულაციასაც მოაწერს ხელს, დღეს ეს რამდენად ფანტასტიურადაც არ უნდა მოჩანდეს“, – წერს ცუცქირიძე.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის მარცხით დღევანდელი რუსეთი დაასრულებს თავის ისტორიას, ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი ჩავარდნილი მობილიზაცია და მიგრაციის ის მზარდი ტალღაა, რასაც კარგად ვხედავთ აქ ათასობით გამოქცეული ახალგაზრდობის სახით.
„ამ ციკლის წინა პოსტებშიც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დასავლეთთან დაპირისპირებაში პუტინის რუსეთს შანსი არა ჰქონდა, ამ ომმა კი რუსეთის დასავლეთთან ტექნოლოგიური ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. რუსეთის ეკონომიკის კოლაფსსაც მალე ვიხილავთ, რადგან სსრკ-სგან განსხვავებით რუსული ეკონომიკის ინტეგრაცია გლობალურ ბაზრებზე, განსაკუთრებით ენერგომატარებლების თვალსაზრისით, შეუდარებლად მაღალი იყო. მართალია, საერთაშორისო სანქციების შედეგად სერიოზული პრობლემები ევროპის ქვეყნებსაც შეექმნათ, მათ შორის ტრანსნაციონალური გიგანტების რუსული ბაზრის დატოვების გამო, მაგრამ ალტერნატივა დასავლეთს განსხვავებით რუსეთისაგან ყოველთვის ჰქონდა.
ქართულ სახელმწიფოებრიობას იმპერიულ რუსეთზე დიდი მტერი არ ჰყოლია, ახლა უფრო კარგად მოჩანს თუ რა მიზანი ჰქონდა ქართველების ეთნოწმენდას აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ხერსონში უკრაინის ჯარის შესვლის და მოსახლეობის ოვაციებით დახვედრის ფონზე!
რუსეთს ყველაფერი უკან შეუბრუნდა და მისი დაშლაც გარდაუვალია, თან უახლოეს 3-4 წელიწადში, დასავლეთი ამ შანსს ახლა ხელიდან აღარ გაუშვებს, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა, რაშიც სამწუხაროდ, ჩვენც მოვყევით.
რუსეთის ბოლო იმედის, ტრამპის მარცხიც ამაზე მიუთითებს, ხოლო ამ ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება კიდევ უფრო რეალური ხდება, მთავარია ახლა ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაც სწორედ ამ ჭრილშია განსახილველი და გასააზრებელი“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.