საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის მიღებით ევროდირექტივების დიდი ნაწილი შესრულდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონპროექტსა და დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის თქმით, ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი კარდინალურ რეფორმირებას განიცდის.

„კანონი რადიკალურად იცვლება, შეგვიძლია დავარქვათ, რომ ეპოქალური ცვლილებებია. შემოდის რამდენიმე ახალი შესყიდვის საშუალება. ასევე წარმოდგენილია ახალი პლატფორმები”, – განაცხადა ლევან რაზმაძემ.

მისი თქმით, ინერგება ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებული ახალი ინსტიტუტები, შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში. მისივე განცხადებით, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს UK და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის მიღებით ევროდირექტივების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდება. „ეს არის უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიღებითაც ევროდირექტივების დიდი ნაწილი სრულდება. სწორედ ეს განაპირობებს დიდ ინტერესსა და ყურადღებას ამ კანონპროექტების მიმართ.
მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობდა. კანონპროექტი ძალიან სერიოზულად, აკადემიურად მაღალ დონეზეა მომზადებული” ,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები