რომეო მიქაუტაძე საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ გამართულ შეხვედრას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის (UNESCAP) ქვეყნებისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის მხარდაჭერით გაიმართა მაღალი დონის ჰიბრიდული შეხვედრა თემაზე: „დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაცია და შესაძლებლობების განვითარება საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.”
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ეხებოდა მდგრადი განვითარების, კერძოდ, მე-7, მე-9 და მე-13 მიზნების შესრულებას, რომელთა რეკომენდაციას წარმოადგენს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება ინდუსტრიის სექტორში.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის პირველი საგზაო რუკა მოამზადა. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე გახდა ცნობილი საშუალო და მცირე საწარმოების (SMEs) საჭიროებების შესახებ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე. მისი განცხადებით, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ენერგიის მდგრადი განვითარება და მდგრად ენერგიაზე გადასვლა არის წინგადადგმული ნაბიჯი დაბალი ემისიის ეკონომიკისკენ, რადგან ეს ეხება ენერგიის გონივრულად და ენერგიის სუფთა წყაროებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომუშავებული ენერგიის გამოყენებას. „თუმცა, ენერგიის მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ განახლებადი ენერგიის გამოყენება – ეს არის სინერგია ენერგოეფექტურობას, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიასა და პოლიტიკას შორის, რაც მოითხოვს რესურსების ხელმისაწვდომობას, სათანადო ინვესტიციებს და ძლიერ პოლიტიკურ ნებას და თანამშრომლობას რეგიონებს შორის. საერთო რეგიონალური თანამშრომლობა უნდა იყოს ფუნდამენტური პლატფორმა ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისთვის” – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ბატონი კავეჰ ზაჰედი, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოსთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული კვლევა განხორციელდა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) მხარდაჭერით.