ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს ენერგეტიკის გამოფენისა და ფორუმის – GEEF 2025 ოფიციალურ გახსნაში მიიღეს მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ საქართველოს ენერგეტიკის გამოფენისა და ფორუმის – GEEF 2025 ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

უწყების ცნობით, ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA), „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა.

არაბიძის თქმით, დარგის გამართულ მუშაობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა.

„ენერგეტიკა მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. დარგის გამართულ მუშაობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა და მომავალი განვითარება. ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტებია მწვანე ენერგეტიკული რესურსების ათვისების ხელშეწყობა, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება, რეგიონულ პროექტებში საქართველოს ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაცია და დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ – განცხადა მარგალიტა არაბიძემ გამოფენისა და ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დასახული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებაში ჩართული მხარეების – საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა.
გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი გიორგი ამუზაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.
მარგალიტა არაბიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ფორუმის პანელურ სესიაში “სტრატეგიიდან მოქმედებამდე – მხარდამჭერი რეგულაციების როლი განახლებადი ენერგიის განვითარებაში” სადაც წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “საქართველოს განახლებადი ენერგიის პოლიტიკა: მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობა”.
ენერგეტიკულ ფორუმსა და გამოფენას ასევე ესწრებოდნენ ინვესტორები, სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიებისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები