პარლამენტმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებას მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად შეძლონ ხელმოწერა და გარიგების დადება.

კანონპროექტით ხელის მოწერის სხვა პირისათვის გადანდობასთან და უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მიერ გარიგების წერილობითი ფორმით დადებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.

„ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის. ინიციატივა ეხება იმას, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ გარიგების დადება. ამ მხრივ ისინი ძალიან დიდ პრობლემებს აწყდებოდნენ, განსაკუთრებით კერძო სექტორთან მათი ურთიერთობისას. ეს კანონი მათ სამართლებრივ გარანტიებს რეალურად შეუქმნის და საფუძველს მისცემს რომ დამოუკიდებლად შეძლონ ხელმოწერა და გარიგების დადება”, – განაცხადა მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ კანონპროექტის განხილვა ინკლუზიური პროცესი იყო და მასში თვით შშმ პირებიც მონაწილეობენ. როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, საკითხების დიდი ნაწილი, რაც უსინათლო და მცირე მხედველი თემის მონაწილეობით გამართული კონსულტაციების დროს გამოითქვა, პროექტში ასახულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები