სანდრო რაქვიაშვილი: ეჭვი მაქვს, ვაშაძეს და მის ჯგუფს გაუჩნდა სტრატეგია, რომ “ნაცმოძრაობის” გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადიროს

ეჭვი მაქვს, ვაშაძეს და მის ჯგუფს ტაქტიკა თუ სტრატეგია გაუჩნდა ასეთი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადიროს, – ასე აფასებს ჟურნალისტებთან საუბრისას “გირჩის” დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი პარლამენტის დატოვების შესახებ გიორგი ვაშაძის განცხადებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ტაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ფსევდორადიკალიზმით მოატყუონ ამომრჩეველი და რამდენიმე პროცენტი დაიმატონ.

რაქვიაშვილის განმარტებით, ამ საქციელით, მინიმუმ, საქართველოს ევროინტეგრაციას აზიანებენ.

“იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა “ნაციონალური მოძრაობა” იმყოფება, როცა უმოქმედობას აბრალებენ, რომ რადიკალიზმი აკლია “ნაციონალურ მოძრაობას” და ა.შ. მე ეჭვი მაქვს, რომ ვაშაძეს და მის ჯგუფს გაუჩნდა ტაქტიკა თუ სტრატეგია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადირონ. ცდილობენ სიტყვით, განცხადებით რადიკალიზმი გამოაჩინონ, არაფერი ამ ქმედებებში რადიკალური არ არის, პირიქით, თუ რამენაირად შეიძლება, შევაფასოთ, რასაც ვაშაძე და მისი კოლეგები აკეთებენ, ევროინტეგრაციას აზიანებს მინიმუმ, სხვა თუ არაფერი, მაგრამ ტაქტიკურად გასაგებია – ამ ფსევდორადიკალიზმით მოატყუებ ამომრჩეველს და რამდენიმე პროცენტს დაიმატებ. ეს ფსევდორადიკალიზმია, შეიძლება კომუნისტები, ნაციონალისტები იყვნენ რადიკალები, ნებისმიერი იდეოლოგიის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს რადიკალი, ამ ადამიანების უკან კი არანაირი იდეა არ დგას. უბრალოდ ამბობენ, პროევროპული ძალა და რადიკალები ვართო და რაში არიან რადიკალები, რას გააკეთებენ? – რევოლუციით შეგვიყვანენ ევროპაში, რომელიც რამდენჯერმე დააანონსეს და ყველა ეს რევოლუცია განცხადებით შემოიფარგლა?”, – თქვა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები