იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დაინიცირებას მხარი დაუჭირა

????????????????????????????????????

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მიზნით, ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენას მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს. მისი უფლებამოსილების ვადა 6 წელი იქნება.

„ევროკომისიის მხრიდან შემოთავაზება იყო, რომ მომხდარიყო ამ ფუნქციების კონსოლიდაცია – კოორდინაციის გაუმჯობესება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოდელი უზრუნველყოფს 12 – პუნქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის შესრულებას და ამით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესაძლებლობა იქმნება”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
გამომდინარე იქედან, რომ გაწერილი გეგმის მიხედვით პარლამენტს აღნიშნული ცვლილებები 1-ელ დეკემბრამდე უნდა ჰქონდეს მიღებული, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას იმ პირობით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები 1-4 ნოემბრის სასესიო კვირაში მხოლოდ პირველი მოსმენით, ხოლო მომდევნო კვირაში კი, მეორე და მესამე მოსმენით იქნება განხილული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები