ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობაში საპარლამენტო ჩართულობის მოდელები განიხილეს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე ღია მმართველობის პარტნიორობაში საპარლამენტო ჩართულობის მოდელები განიხილეს.

საპარლამენტო საბჭოს მდივანმა, მაია ხმალაძემ საბჭოს წევრებს სამ განსხვავებულ მოდელზე ინფორმაცია გააცნო და იმ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული მოდელები ითვალისწინებს. მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, წარმოდგენილი მოდელების შესახებ დეტალური ინფორმაცია საბჭოს წევრებს დაეგზავნებათ, დისკუსიის და განხილვის შემდეგ კი, საბჭოს წევრები წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ რომელი მოდელით გააგრძელებს საბჭო თავის საქმიანობას.
გივი მიქანაძემ, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და საპარლამენტო ცხოვრების ცნობიერების ამაღლების კუთხით აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობა აღნიშნა.

მისი თქმით, საბჭოს წევრებმა მუხრანსა და დუშეთში ორი შეხვედრა უკვე გამართეს და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების და მიმართულებების განსაზღვრის საკითხსაც შეეხნენ. საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა, 24 ნოემბრის ჩათვლით, მცირე განმარტებებით კონკრეტული მოსაზრებები და წინადადებები უნდა წარმოადგინონ, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის აქტივობა, რომელსაც საბჭო აღნიშნულ პერიოდში განახორციელებს. სხდომის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა 2021 წლის ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა მიმოიხილეს. გივი მიქანაძის შეფასებით, ვალდებულებების შესრულების კუთხით, დადებითი დინამიკა შეინიშნება, თუმცა რჩება რიგი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს კიდევ უფრო მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.

„წლის ბოლომდე არსებული ვადა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა გაიზარდოს აქტივობები და დარჩენილი ვალდებულებებიც შესრულდეს. დეკემბრის ბოლოს, საბჭოს სხდომაზე უნდა ვეცადოთ, რომ ვალდებულებების შესრულების კუთხით უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები