ვიქტორ ყიფიანი: ალიევის ვიზიტი დროულია და, ალბათ, უახლოეს მომავალში ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს უნდა ველოდოთ
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, საქართველოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, ვიზიტი დროულია და მისი კონკრეტული შედეგები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დადგება.
“მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეცვლილმა რეგიონულმა სურათმა განსაკუთრებით გამოკვეთა ქართულ-აზერბაიჯანული და საერთოდ რეგიონული ურთიერთობების მნიშვნელობა. არაერთხელ გავხდით მომსწრენი, როდესაც თბილისმა განაცხადა თავისი მზაობის შესახებ, რეგიონში მედიაციის ფუნქცია აეღო საკუთარ თავზე. ვფიქრობ, ეს როლი ისტორიულად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად გამართლებული არის და ეს ლიდერის ფუნქცია ოფიციალურმა თბილისმა ხელიდან არ უნდა გაუშვას და მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს.
ალიევის ვიზიტამდე ოფიციალურმა ბაქომ გააკეთა მოწოდება, რომ რეგიონის სამმა ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას ინტეგრაციისთვის ეკონომიკურ სფეროში. ეს ინტეგრაცია ერთგვარი საწინდარი იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებისა.
ასევე, მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი მზად არის, ენერგოკრიზისის პირობებში ევროკავშირი მოამარაგოს დამატებითი ენერგომატარებლებით. ნებისმიერი ამ საკითხის გადაწყვეტა – იქნება ეს რეგიონული სტაბილურობა, ევროკავშირზე დამატებითი ენერგომატარებლების გატარება თუ ძლიერი აზერბაიჯანული ეკონომიკა, წარმოუდგენელი იქნება თბილისთან პარტნიორობის გარეშე. ამიტომ, ეს ვიზიტი არის აბსოლუტურად დროული, აბსოლუტურად ლოგიკური და ალბათ უახლოეს მომავალში ამ ვიზიტის კონკრეტულ შედეგებს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ყიფიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.