მაია ბითაძემ საქართველოში ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ გამართულ დიალოგში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ გამართულ დიალოგში.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის სესიაზე საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და რეგულირების რეფორმაზე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტში საჯარო შესყიდვების სამართლებრივ დებულებებზე, ეკოეტიკეტირების თაობაზე იმსჯელეს.

„მადლობა მინდა მოვუხადო ჩვენს მთავარ პარტნიორს ევროკავშირს, რომლის ძალისხმევა საქართველოში ახალი გარემოსდაცვითი სისტემების შექმნაში ძალიან დიდია. ზოგადად, მწვანე ეკონომიკისა და მწვანე განვითარების სისტემების შექმნის გზაზე ფართო ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო პროცესს, რომელიც მწვანე შესყიდვების სამართლებრივ სისტემას ადგენს საქართველოში და ყველა იმ მიმდინარე პროცესს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ რას ვიძენთ და რას წარმოადგენს ის პროდუქტი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე.
ძალიან მნიშვნელოვანია ეტიკეტირების საკითხები და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ შეიქმნას ახალი სამართლებრივი სისტემა, რომელიც წაახალისებს შესყიდვებს, სადაც ახალი, მწვანე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, რომელიც, როგორც უკვე დადასტურებულია მთელ მსოფლიოში, რომ არის მომგებიანი როგორც ფინანსურად, ასევე ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სწორი საწარმოო პროცესებისთვის.
მწვანე შესყიდვების მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დღის წესრიგში დგას, არის ისეთი პროდუქტის შესყიდვის წახალისება, რომელიც რეციკლირებას, ხელახლა გამოყენებას დაექვემდებარება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ”, – განაცხადა შეხვედრაზე მაია ბითაძემ.

დიალოგში მონაწილეობდნენ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები