მარიკა არევაძე: საკომიტეტო მოსმენაზე ვისაუბრებ ჩემს ხედვებზე სახალხო დამცველის ინსტიტუციის გასაძლიერებლად

ვისაუბრებ ჩემს ხედვებზე სახალხო დამცველის ინსტიტუციის გასაძლიერებლად და იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ განაცხადა.

„ხვალინდელ საკომიტეტო მოსმენაზე ვისაუბრებ იმ ხედვებზე, რომელიც მაქვს ინსტიტუციის განვითარებასთან მიმართებაში და რაზეც მთელი ამ ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში ვესაუბრებოდი საპარლამენტო ოპოზიციას და იმ გეგმებზე, რომელიც ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში იქნება განხორციელებული. ასევე ვისაუბრებ იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური სახალხო დამცველის არჩევა არის ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. დღეს ამ პროცესს აკვირდება არამხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამ პროცესის ღირსეულად წარმართვა იქნება ჩვენი ქვეყნის მყარი ნაბიჯი ევროკავშირისკენ. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევეცდები საკომიტეტო მოსმენაზე წარმოდგენილ საზოგადოებას მკაფიოდ დავანახო ჩემი, როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატის შესაბამისობა ომბუდსმენის  თანამდებობისთვის. დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მიღწეულ იქნეს პოლიტიკური კონსენსუსი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს კონსენსუსი ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერით შედგეს“, – განაცხადა მარიკა არევაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენები ხვალიდან იწყება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველობის სამ კანდიდატს მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენები 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები