ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტებზე იმსჯელა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თანმდევისამი კანონპროექტი განიხილა. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, სამივე კანონპროექტი საჭიროა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ამოქმედებისათვის.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საბიუჯეტო კოდექსში, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონებში შედის ცვლილებები.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი ასახავს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს.
„საჯარო ფინანსების მართვის გაძლიერების და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის განხორციელება. წარმოდგენილი კანოპროექტი სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ასახვას, ასევე მათი ფინანსური ოპერაციების სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრირების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო მარეგულირებელი საფუძვლები შეიქმნება საინვესტიციო-კაპიტალური პროექტების მართვის პროცესის სრულყოფილად დანერგვის მიზნით. ეს ცვლილებები კიდევ უფრო დაგვეხმარება მომავალში გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში”,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მომხსენებლის ინფორმაციით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში ცვლილებები სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში ნომინალურ საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის ეტაპობრივად შემცირებას, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ყოველწლიურად გადაანგარიშების პრინციპების საკანონმდებლო დონეზე დანერგვას ითვალისწინებს.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები კი სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურების კორექტირებას ითვალისწინებს. მისი თქმით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტები 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.