მაკა ბოჭორიშვილი: დიფერენცირებული მიდგომა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ იყო ის, რისი ნახვაც ჩვენ არ გვსურდა
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ლიდერების მიერ ივნისის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი იყო სამივე ქვეყნისთვის. რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ ერთ წელიწადში ევროკავშირმა საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ზალცბურგის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ინიციატივამ ძალიან მყარი საფუძველი შექმნა ინიციატივის მონაწილე ყველა იმ ქვეყნისთვის, ვისაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურდა.
„გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა და მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ერთი რამ აკლდა პროცესს და ეს იყო ევროკავშირის მომავალი წევრობის მკაფიო პერსპექტივა. აღმოსავლეთ პარტნიორობის გასული წლის დეკემბრის სამიტსაც კი თუ გავიხსენებთ, არც 2021 წლის სამიტზე იყო მკაფიო პერსპექტივა სამი ქვეყნისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ივნისის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამივე სახელმწიფოსთვის. ეს არის მკაფიო პერსპექტივა ევროკავშირის წევრობის. ახლა კონკრეტული ქმედებების ჩვენებაა საჭირო, რომ არ იყოს მხოლოდ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება და წინ წავიდეთ. მიღწეული პროგრესით, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციით საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან და ეს სტატუსი ეფუძნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც საქართველოს წინაშე დიდი გამოწვევებია. ამ წუთას ჩვენ არ გვაქვს საქართველოში ცხელი ომი, მაგრამ არც მდგრადი მშვიდობა გვაქვს. დიფერენცირებული მიდგომა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ იყო ის, რისი ნახვაც ჩვენ არ გვსურდა. ახლა გვაქვს სამივე სახელმწიფოს პერსპექტივა და ჩვენ ყურადღება კონცენტრირებულია 12 პუნქტის შესრულებაზე, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. რეკომენდაციები სამივე ქვეყნისთვისაა. ჩვენ ვიცით, რომ არცერთი სამიდან სახელმწიფოდან დღეს არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის. მნიშვნელოვანია ხელისუფლების სურვილი წავიდეთ წინ, გავაგრძელოთ რეფორმების იმპლემენტაცია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის რომ პროგრესი პარტნიორებს წლის ბოლომდე ვაჩვენოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.