თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონს, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რაიჰარდს კოლს და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ანდრიკიენეს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, ამ საფრთხეების და გამოწვევების სხვადასხვა გამოვლინებებზე, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ შეიცვალა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემო.
„ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრების მნიშვნელობაზე, იმ მოლოდინებზე, რაც ჩვენ ნატოს ვილნიუსის სამიტისგან გვაქვს და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორ სამივე ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე, განსაკუთრებით, ეს ეხებოდა საპარლამენტო განზომილებას”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ელისაშვილი და ჰერმან საბო.