ილია დარჩიაშვილი: საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის ნათელი დადასტურებაა

„საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დგამს ნაბიჯებს მის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციისა და ინსტიტუციური ინტეგრაციის მაღალი დონის მისაღწევად“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და საკანონმდებლო ორგანოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები წარუდგინა.

მინისტრის თქმით, ევროკომისიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების თაობაზე ფორმალურად გაუხსნა კარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები.

„საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის პროგრესი 2023 წლიდან შეფასებული იქნება გაწევრიანების ე.წ. „კოპენჰაგენის“ კრიტერიუმების მიხედვით, ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ორი ქვეყნის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ანალოგიურად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას რათა გახდეს გაწევრიანების ინსტრუმენტის ბენეფიციარი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველომ წარადგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რითაც ცალსახად დადასტურდა ურყევი ნება, რომ საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ყველა იმ ვალდებულებაზე, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს ემსახურება.

„მადლობას მოვახსენებ მმართველ პარტიას ინკლუზიური, ღია და გამჭვირვალე პროცესის წამოწყებისთვის. იმისთვის, რომ როგორც პარლამენტარების, ისე სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაციები და ძალიან მალე ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე, საქართველოს ევროპული მომავლისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერას.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზიტების აქტიურ დინამიკაზე, მათ შორის აღინიშნა საქართველოს პრემიერის და საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტები ბრიუსელში, ასევე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) დელეგაციების ვიზიტი საქართველოში. ამასთან, ხაზი გაესვა 6 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობას ქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში.

მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან აქტიურ თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და ხაზგასმით აღნიშნა,რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ საკვანძო და სანდო მოკავშირედ რეგიონში.

მისი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირმა პირველად საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში თანამშრომლობაზე.

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებასა და სტრატეგიული მნიშვნელობის მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მომავალში საქართველოს როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის როლს კიდევ უფრო გაზრდის. ყურადღება გამახვილდა ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წარმატებული განხორციელების პროცესზეც. აღინიშნა,რომ უკვე განსაზღვრულია 2021-2027 წლის ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებებით ამბიციურ რეფორმებს ითვალისწინებს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რათა საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად მოხდეს პოლიტიკური და ინსტიტუციური რესურსების მობილიზება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგის დაწყება დაკავშირებადობის საკითხზე, რომლის მიმართაც ევროკომისიის მხრიდან დიდი ინტერესია.

ილია დარჩიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ წელს აქტიური ძალისხმევა მიიმართება ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის კუთხით ახალი შესაძლებლობების მოძიებისთვისაც. მისი განცხადებით, საქართველოს მიზანია მიაღწიოს მაქსიმალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში ევროკავშირის ე.წ. „ოთხი თავისუფლების“ სარგებლობის მიზნით.

მან ასევე ისაუბრა ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის აღინიშნა რომ წელს საქართველოსთვის გაიხსნა შესყიდვების ერთიანი ბაზარი, 20 სექტემბერს კი ქვეყანამ წარადგინა განაცხადი ერთიანი ევროს გადახდის სისტემაში გაწევრიანებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის პროგრამების წამყვან ბენეფიციარებს შორის რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები