ნინო იობაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აბრეშუმის გზის ჯგუფის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ნინო იობაშვილმა თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის აბრეშუმის გზის ჯგუფის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის, სელამი ალთინოქისა და აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელის, აბრეშუმის გზის ჯგუფის თავმჯდომარის აზაი გულიევის მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების მონაწილეები იყვნენ ამავე ჯგუფის წევრები ასამბლეის სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის მთავარი განსახილველი თემას კრიზისის პერიოდში ენერგო და კვებითი რესურსების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენდა.

მონაწილეებს ვიდეო მიმართვების მეშვეობით მიმართეს ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და ევროკავშირის ენერგო საკითხების კომისარმა კადრი სიმსონმა, ასევე თურქეთის პარლამენტისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა პირებმა. ნინო იობაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაზე გამართულ დებატებში. მან ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ენერგორესურსების და კვებითი რესურსების მიწოდების უწყვეტობის საკითხზე, ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების ჭრილში. აღნიშნა, რომ დაკავშირებადობა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

ნინო იობაშვილმა ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე, ასევე საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და მიმდინარე რეფორმებზე კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ისაუბრა არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ დონეზე და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე. დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს აბრეშუმის გზის ჯგუფის სტამბოლის დეკლარაცია, რომელშიც დაკავშირებადობის სხვა საკითხებთან ერთად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაც აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები