ირაკლი კობახიძე – გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევაზე: ჩვენთვის პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება და ევროინტეგრაცია, ამის გათვალისწინებით ჩვენ წარმოვადგენთ ამ კანონპროექტს და დავუჭერთ მხარს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევის შესახებ კანონპროექტი სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს, რადგან 12 პუნქტის შესრულება პრიორიტეტულია.
„კანონპროექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ასევე მმართველობის პრინციპებს. ამ კუთხით ეს კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გაუმართავია. ამაზე საუბარი გვქონდა გასულ წელს, მაშინ, სწორედ ჩვენი ინიციატივით ამოღებული იყო შესაბამისი ტექსტი კონსტიტუციური კანონპროექტიდან. ამის შემდეგ, ეს ჩანაწერი გაჩნდა 12 პუნქტში, რომელიც წარმოგვიდგინა ევროპულმა კომისიამ. ეს სამწუხაროა. აქ არის დარღვეული სამართლებრივი და მმართველობითი პრინციპები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება და ევროინტეგრაცია, ამის გათვალისწინებით ჩვენ წარმოვადგენთ ამ კანონპროექტს და ერთხმად დავუჭერთ მხარს. ეს არის უმრავლესობის პოზიცია. თუ ოპოზიციიდან ვინმე ამ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს, ამ შემთხვევაში აშკარა იქნება, რომ ეს ადამიანები მიდიან 12 პუნქტის წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ჩვენ თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ ეს წესი გავრცელდება მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტზე. ამ არასწორ წესს გრძელვადიან პერიოდში არ დავტოვებთ. ეს არის ერთადერთი, რითაც შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ. რა თქმა უნდა, პრაქტიკაში პრობლემა იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია 12 პუნქტის შესრულება. დღეს დეტალურად განვმარტავ, თუ რატომ არის ეს კანონპროექტი წინააღმდეგობაში სამართლებრივ, მმართველობით პრინციპებთან. ზოგადად, უპრეცედენტოა ეს კანონპროექტი. კვალიფიციური უმრავლესობის დადგენა თანამდებობის პირების არჩევისთვის ევროკავშირის ქვეყნებში თითქმის არსად ხდება, გამონაკლისია უნგრეთი. სხვა არცერთ ქვეყანაში არ დგინდება ასეთი წესი. ალოგიკურია. როდესაც კვალიფიციური უმრავლესობით ირჩევა კონკრეტული თანამდებობის პირი, ასეთ დროს უმცირესობას შეუძლია მარტივად დაბლოკოს თანამდებობის პირის არჩევა და ძალაში დატოვოს ძველი ოფისი. იგივე პრობლემაა სახალხო დამცველის შემთხვევაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ინტერესი, რომ არჩეული იყოს ახალი სახალხო დამცველი. თუ არ აირჩევა ახალი სახალხო დამცველი, ძველი ოფისი რჩება, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი ამ ოფისში. ის, რომ პროკურორი აირჩევა უმრავლესობით და 1 წლის ვადით, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი“,- აცხადებს კობახიძე.