მიხეილ სარჯველაძე – “ლელოს“ მოთხოვნაზე: ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია
“ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია და სხვა არაფერი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ლელოს“ მოთხოვნას.
„ხშირ შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების დროს ოპოზიცია გვაკრიტიკებს, რომ ნაკლები კონსულტაციები იყო, მაგრამ როდესაც თვითონ საერთოდ საკითხს უკონსულტაციოდ წარმოადგენენ, სწორედ ამას უნდა მიაწერონ, რომ კანონის პროექტის განხილვა ისე სწრაფად არ ხდება, როგორი სურვილიც მათ აქვთ. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, ამ თემაზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელში მონაწილეობისგან, მათ შორის, „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “ლელოს” წევრი – სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ კორუფციის აყვავებას “ქართულმა ოცნებამ” ხელი შეუწყო. კორუფცია სახიფათოა ადამიანების სიცოცხლისთვის და ბავშვებს, საზოგადოებას ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას ართმევს. სამადაშვილის თქმითვე, აღნიშნულიდან გამომდინარე, “ლელო“ მოითხოვს, პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ მათ მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყოს.