თამთა მეგრელიშვილი: ბოკერიამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის და მათ შორის მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები “ქართული ოცნებისთვის” მხოლოდ პოლიტიკური მტვერია
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები მათ პოლიტიკურ ნარატივს სჭირდება და გასაგებია, “მაგრამ გიგა ბოკერია, რომელსაც ოპოზიციურის “ბრბოსაგან” განსხვავებით მეტი ანალიზის უნარი აქვს უცნაურია ახლა მათ ძირითად ნარატივზე რატომ გადაჯდა”.
მისივე შეფასებით, ბოკერიამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის და მათ შორის, მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები, “ქართული ოცნებისთვის” მხოლოდ პოლიტიკური მტვერია.
“ნაციონალურ მოძრაობის”დანაშაულებრივი მმართველობის დროს, ქართული პოლიტიკური სივრცე ინსტიტუციურ კრიზისს განიცდიდა რაც ყველაზე კარგად ღირებულებით ასპექტში იკითხებოდა.
ამ ძალას არ ჰქონდა მყარი იდეოლოგიური კონცეფციები, მათი პოლიტიკური შემადგენლობა ყოველთვის უცხო ღირებულებით ელემენტზე იყო დამყარებული და არ ასახავდა ქართველი ერის ტრადიციულ და გენეტიკურ ღირებულებით სულისკვეთებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალი არ იყო ქართული ცნობიერების მატარებელი.
მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ერთი ლიდერის პირად ინტერესებზე იყო აგებული და სისტემა ასე იმართებოდა.
შესაბამისად, მათ ქართულ პოლიტიკაში ეროვნული ინტერესების კრიზისს დაუდეს საფუძველი და ეს პროცესი, ანუ ეროვნულობისაგან დაცლილი პოლიტიკა, დღეს ოპოზიციური როლიდან გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მოდელით შეფერხდა პოლიტიკური ტრანზიციისა და ეროვნულ სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების პროცესი და ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით განახლდა, ჩვენ დღესაც გავდივართ და ამ დაგვიანებულ ეტაპს.
პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა ქართული იდეის საკითხი.
იმ იდეისა, რომელიც ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სულიერი ღირებულებებს და ეროვნულ – კულტურულ ფასეულობებს ეყრდნობა.
“ქართული ოცნება” რაციონალურად მოაზროვნე გუნდია, რომელიც კონსენსუალურ პოლიტიკურ კულტურაზე დამყარებული მოდელით იმართება.
“ქართული ოცნება” ორიენტირებულია ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და პოლიტიკური ხელწერაა.
ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები, თუნდაც ზემოაღნიშნული საკითხის მიმართ, მათ პოლიტიკურ ნარატივს სჭირდება და ეს მესმის, მაგრამ გიგა ბოკერია, რომელსაც ოპოზიციური სპექტრის “ბრბოსაგან” განსხვავებით მეტი ანალიზის უნარი აქვს უცნაურია ახლა მათ ძირითად ნარატივზე რატომ გადაჯდა.
გიგა ბოკერიამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის, მათ შორის მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასებები, “ქართული ოცნებისთვის” მხოლოდ პოლიტიკური მტვერია”, – წერს მეგრელიშვილი.