“ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო; იმას, რაც ამ დღეებში ვიხილეთ საქართველოში, არ შეიძლება, ეწოდოს სხვა რამ, თუ არა სამოციქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება” – მეუფე შიო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა, რის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა.
„დღეს ვევედროთ წმინდა ღირს დედა მარიამ ეგვიპტელს, რომ მისი მაგალითის შემხედვარეებმა მივბაძოთ და შევძლოთ, ვუპასუხოთ ეკლესიის ამ დიდებულ მოწოდებას, რაც არის ჩვენი დანიშნულება და არ დავთმოთ არაფერი ჩვენს რწმენაში, სიკეთის რწმენაში, ჩვენს რწმენაში ღვთისადმი და რწმენაში ადამიანისადმი. აი, ამის მაგალითი კი გახლავთ ჩვენი დიდი კათოლიკოს-პატრიარქი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი აღმსარებელი ხელაია, რომელიც ამ წმინდა ტაძარში არის დასვენებული, რომელმაც აღმსარებლობის ღვაწლით დაამტკიცა თავისი ერთგულება ღვთისადმი, სამშობლოსადმი და ადამიანისადმი. შეგვეწიოს ასევე მისი მადლი, მისი ლოცვა. და დღეს ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს, წინამძღოლს, ილია მეორეს, რომლის სულის მოსახსენებლადაც ჩვენ ახლა გადავიხადეთ პანაშვიდი. ისიც გახლავთ დიდი მემკვიდრე ამ ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, მთავარი საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს მოცემული. ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა ჩვენ მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე, რომ არ ვცდებოდით მრავალი ჩვენგანი, როდესაც ვამბობდით და ხაზს ვუსვამდით, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო. იმას, რაც ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ საქართველოში, არ შეიძლება, ეწოდოს სხვა რამ, თუ არა სამოციქულო მსახურების და ღვაწლის გამოვლინება. და უფალმა მოახდინა ეს საოცრება, სასწაული მისი ხელით, აღძრა მთელი საქართველოს, ჩვენი, ყველას გულები მისთვის მადლობის სათქმელად და მწუხარების გამოსახატავად“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.