ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომიტეტმა გივი მიქანაძის ინიცირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის, გივი მიქანაძის მოხსენება – „კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ განიხილა.
კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს მოხსენება, რომელსაც 2022 წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ კომიტეტზე, ქალაქ რეიკიავიკში ეყრება კენჭი.
რეზოლუციის პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა, რომელიც გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით წარიმართა. რეზოლუციის პროექტს საფუძვლად დაედო 46 წევრი სახელმწიფოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული კვლევები, რომლებითაც შესწავლილი იყო, თუ როგორ შეიზღუდა პატიმართა უფლებები პანდემიის პერიოდში და როგორ მოხდა შეზღუდული უფლებების კომპენსირება.
კვლევის მიზანი ასევე იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და აღნიშნულ პროცესში პერსონალის ჩართულობის შესწავლა.
რეზოლუციის პროექტი კვლევის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით მომზადდა.