რატი ბრეგაძე: თუკი ოპოზიცია ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს, რათა განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია და პოლიტიკაზე არალეგალური გავლენები შემცირდეს, მთელი პასუხისმგებლობა მათზე გადავა
თუკი ოპოზიცია არ გამოიჩენს პოლიტიკურ კულტურას, არ იქნება კონსტრუქციული და არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან იმ მიზნის მისაღწევად, რომ განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია და პოლიტიკაზე არალეგალური გავლენები შემცირდეს, ბუნებრივია, მთელი პასუხისმგებლობა გადავა ოპოზიციაზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, უნდა განისაზღვროს, ვის შეიძლება ეწოდოს ოლიგარქი.
„თუკი ვინმეს შეიძლება ეწოდოს ოლიგარქი, ეს უნდა განისაზღვროს. შემდგომში უნდა მოხდეს კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და უნდა შეიზღუდოს ამ პირების გავლენა პოლიტიკაზე იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ აღმოჩნდეს უპირატეს მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, აქ მონაწილეა მინიმუმ ორი მხარე, მთელ რიგ შემთხვევაში მეტი, და თუ არ ითანამშრომლეს, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ ითანამშრომლებს სხვა პუნქტის შესრულებაში, სწორედ ის იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მოწინააღმდეგე. დიაგნოზი ძალიან მარტივია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.