„კინოში ასახული ცხოვრება” – ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი უკვე მეექვსედ ჩატარდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალს მრავალფეროვანი პროგრამა ჰქონდა: აუდიტორიამ იხილა არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი 15 თანამედროვე ფილმი, ნუცა ღოღობერიძისა და სერგო ფარაჯანოვის კინოკლასიკა და ქართული მუნჯი კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი – კოტე მარჯანიშვილის “ამოკი”.
პროგრამის მონაწილე ფილმების დიდი ნაწილი შექმნილი ან აღდგენილია ეროვნული კინოცენტრის მიერ.
ფესტივალს დაესწრნენ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი და აღიარებული ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე. ნონა გაფრინდაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ იღებდნენ ფილმს „დიდება დედოფალს”, რომელიც ქართველი ქალი მოჭადრაკეების დიდების გზას ასახავს . მერაბ ნინიძემ კი ფესტივალის სტუმრებს მოუთხრო თავისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო მონაკვეთების შესახებ.
ქართული ფილმების ფესტივალი ლონდონში ერთ-ერთი საინტერესო კინომოვლენაა. იგი 2005 წელს დაფუძნდა ბრიტანულ-ქართული საზოგადოების მიერ, 2010 წლიდან კი ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ: ჯეისონ ოსბორნი, ნინა ანჯაფარიძე და ქეთი ჯაფარიძე.