თეა წულუკიანმა „ათინათის“ კულტურის ცენტრში ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

„ათინათის“ კულტურის ცენტრი ცნობილი ქართველი მხატვრის ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის უნიკალური ნამუშევარი – „ტრიპტიქი“, რომელიც საქართველოში ევროპიდან ფონდ „ათინათის“ ძალისხმევით სულ ახლახან დაბრუნდა. ფერწერული ტილოების გარდა, დამთვალიერებელი ასევე იხილავს მხატვრის გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებიც ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპს ასახავს.
გამოფენა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა.
„ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის სახელი უკავშირდება ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებასა და 1980-იანი წლების ქართველი ნონკონფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას. მხატვრის შემოქმედება საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე ერთ-ერთი პირველი მხატვარია, რომელმაც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი შემოიტანა საქართველოში და გავლენა მოახდინა ქართველ ხელოვანთა შემდეგ თაობაზე. მას შექმნილი აქვს არაერთი ფერწერული პორტრეტი და მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოები. როგორც ცნობილია, ბანძელაძემ უნიკალურად მოხატა თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია (1979-1988წ.წ.).მიმდინარე წლის აპრილიდან მაისის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენაზე – „XX-XXI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან“, სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის შემოქმედება.
არაკომერციული, საქველმოქმედო ფონდი „ათინათი“ საქართველოს კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. კულტურის ცენტრის გარდა, ფონდი მედიაპლატფორმაზეც საქმიანობს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები