სალომე ზურაბიშვილი: რუმინეთი, პოლონეთთან ერთად, ევროპაში ჩვენი მთავარი პარტნიორია, მადლიერები ვართ მხარდაჭერისთვის
ძალიან მადლიერები ვართ რუმინეთის, რომელიც საქართველოს პირველი მხარდამჭერი იყო, ჯერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებით, შემდგომ კი მუდმივად, ამ 30 წლის მანძილზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ევროპაში.
“რუმინეთი, პოლონეთთან ერთად, ევროპაში ჩვენი მთავარი პარტნიორია, (და შეიძლება, უფრო ახლოს იყოს შავი ზღვის სიახლოვიდან გამომდინარე). დღესაც რუმინეთი ჩვენი მთავარი მხარდამჭერია და უნდა ვიცოდეთ, რომ ის ისტორიული ნაბიჯი, რასაც ევროპული პერსპექტივა ჰქვია, რაც მივიღეთ და რაც ნამდვილად უდიდესი ისტორიული ცვლილებაა.
ჩვენ ყოველთვის გვქონდა ეს მოთხოვნილება და ამბიცია, რომ გავმხდარიყავით ევროპული თანამეგობრობის ნაწილი, ეს იყო ჩვენი და არ იყო გაზიარებული ევროპის ყველა ქვეყნის მხრიდან, დღეს კი ეს უკვე გადალახული საზღვარია და ჩვენ მიღებული და აღიარებული ვართ, როგორც ევროპული ოჯახის წევრი.
ამისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ ის საჭირო ნაბიჯები, რაც გვევალება, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, წევრობისთვისაც მზად ვართ და ეს საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნებაა.
ჩვენ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პერსპექტივა არის უკრაინის მართლაც თავდადებული ბრძოლის შედეგი. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს ალბათ, არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა.
ჩვენ, მართალია, კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, მაგრამ ამისთვის ჯერ გზა ხსნილია და შეგვიძლია, რომ არ დავიშუროთ არანაირი ძალისხმევა, იმისთვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ ასევე, კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი.
ძალიან დიდი როლი ითამაშა რუმინეთმა, რომ 6 ოქტომბერს პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ჩატარდა, რომელმაც ერთ მაგიდასთან დასვა ყველა ქვეყანა, რომლებსაც ევროპული პერსპექტივა აქვს, მათ შორის, საქართველო და ესეც ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ამ ყველაფერში ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო და იქნება რუმინეთი. დღეს, რომ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას ესეც ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია, რადგან ამ დოკუმენტში დევს ჩვენი ერთობლივი მომავალი, მთელი ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაერთიანებდა აქამდე და რომელიც უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ყველა მიმართულებით, ეს იქნება: ეკონომიკური, კულტურული. ეს იქნება სწორედ შავ ზღვაზე კონცენტრირებული, რადგან ეს არის ზღვა, რომელიც რეალურად საქართველოს ევროკავშირთან და ევროპასთან აერთიანებს. ეს შავი ზღვა უნდა გახდეს ნამდვილი ხიდი, რომელიც უნდა გვაახლოებდეს, ამიტომ უნდა დაიძლიოს ყველა საფრთხე, რომელიც ემუქრება დღეს შავი ზღვის სტაბილურობას, რადგან, თუ არა სტაბილური, მშვიდობიანი შავი ზღვა, ჩვენ ვერ განვავითარებთ ყველა იმ პროექტს, რაც არსებობს ევროკავშირის მხრიდან და რომელშიც პირველ რიგში, რუმინეთი ჩვენთან ერთად მონაწილეობს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის კონტაქტებისა და მიმოსვლების მნიშვნელობას, რაც საქართველოსა და რუმინეთს შორის კავშირებს გააძლიერებს.
“ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პორტები, ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი ხალხი და გავხადოთ ეს ფიზიკური კონტაქტები უფრო ადვილი – ეს იქნება საზღვაო მიმოსვლებით, თუ პირდაპირი ფრენებით. ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენ ვიგრძნოთ და დავინახოთ, რომ ფიზიკურად ვართ ერთმანეთთან უფრო ახლოს და ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ამის საწყისია ეს განცხადება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მას დიდი მომავალი აქ.
მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობა მოვახსენო პრეზიდენტს და რუმინელ ხალხს, რადგან ხალხის გარეშე ეს ურთიერთობები ვერ განვითარდება და ვერ გადავა კიდევ შემდეგ ეტაპზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ორივე ქვეყნისათვის ჩვენი სამსაუკუნოვანი ისტორიისა და ჩვენი მომავლის გაგრძელებაა.
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.