კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ” საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში” მოისმინეს

განათლებისა და მეცნიერების, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ” საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში” მოისმინეს.

ანგარიში დეპუტატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა გააცნო. მისი თქმით, სამოქმედო გეგმები სამინისტროების გარდა დაამტკიცა სხვა სახელმწიფო უწყებებმაც. მათ შორის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საჯარო სამსხურის ბიურომ და სხვა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა.

2021 წელს სამოქმედო გეგმები ასევე დამტკიცდა 64-ე მუნიციპალიტეტში. მომხსენებელმა განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში სამინისტროების მიერ სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა და მნიშვნელოვან აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამა”. პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება. მომზადდა რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით, დასწრებითი და დისტანციური სწავლების დროს”,- განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მომზადდა სკოლებში რესურს-ოთახის მოწყობისა და ფუნქციონირების რეკომენდაციები. ასევე, მოსწავლეთა დისტანციურ ფორმატში სწავლა-სწავლების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რომელიც შეთავაზებულ იქნა საქართველოს მასშტაბით განათლების სისტემაში მომუშავე ყველა სპეციალური მასწავლებლისათვის.

„კულტურის მიმართულებით, 2021 წლის ბოლოსთვის, მუზეუმის შემოქმედებითმა ჯგუფმა, სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვიზიტორთათვის, მოამზადა აუდიოგიდი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს არის ხმოვანი გზამკვლევი სპეციალური საჭიროებების მქონე ვიზიტორთათვის. რაც შეეხება სპორტს და ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აქტიურად ავითარებს პარალიმპიური სპორტის 17 სახეობას, სადაც ჩართულია სხვადასხვა კატეგორიისა და საჭიროების 300-მდე პარასპორტსმენი. ახალგაზრდობის სააგენტოში უკვე 10 წელია აქტიურად და შეუფერხებლად ფუნქციონირებს შშმ პირთა დარბაზი, რომლის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკური გაჯანსაღება, ვარჯიშის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება და სოციუმში ადაპტაციის ხელშეწყობა”, – აღნიშნა ნიკო თათულაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა მომხსენებელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომიტეტი მზად არის ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე სამუშაოდ. „თუ გადავხედავთ მდგომარეობას, განათლების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის არის გაზრდილი.

უმაღლესი განათლების, აკრედიტაციის და ავტორიზაციის ნაწილში, ყველა უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება თუ პროგრამა, უზრუნველყოს. ზუსტად იგივე ხდება ახლა ზოგადი განათლების ნაწილში სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით და ბუნებრივია იგივე ეხება პროფესიულ განათლებას. გამოწვევები რჩება და ამისთვის ჩვენ ვართ მობილიზებული ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი თავის აპარატით, რომ წლიდან წლამდე, როგორც მონიტორინგის ასევე სხვადასხვა მექანიზმების თვალსაზრისით, მდგომარეობა რადიკალურად გავაუმჯობესოთ”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა. სხდომაზე განხილული ანგარიში კომიტეტებმა ცნობად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები