მარიკა არევაძემ პროფესიულ საზოგადოებას სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების ხედვა წარუდგინა
სახალხო დამცველის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ, დღეს, სასტუმრო ჰილტონში პროფესიულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა და ომბუდსმენის ინსტიტუტის განვითარების ხედვა გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატები, იურისტები, მედიატორები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მარიკა არევაძემ დამსწრე აუდიტორიასთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც მისი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტული იქნება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ნდობის ამაღლება, ყველა უფლების თანაბრად პრიორიტეტულობა და პროაქტიული ჩართულობა. ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში გაძლიერდება მართლმსაჯულების მიმართულება, რაც გულისხმობს სასამართლო მონიტორინგს, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას და გამჭვირვალე მართლმსაჯულების დამკვირდრებას. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიქმნება ადვოკატებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს სახალხო დამცველთან” – განაცხადა მარიკა არევაძემ.
მან ასევე, ისაუბრა სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშზე და იქ არსებული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებაზე. მისი განმარტებით, შესრულების დაბალი მაჩვენებელი უფლებამოსილ ორგანოებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელია აღმოიფხვრას.
„2021 წელს 67 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს, ხოლო 2020 წელს 360 რეკომენდაციით. 2020 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან სრულად შესრულდა 14%, ნაწილობრივ შესრულდა 17%, ხოლო 63% შეუსრულებელი დარჩა. რაც შეეხება წინადადებებს, სახალხო დამცველის აპარატმა 51 წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს, საიდანაც შესრულდა მხოლოდ ერთი, ხოლო 50 წინადადება შეუსრულებელი დარჩა. ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამას სჭირდება მჭიდრო კომუნიკაცია უფლებამოსილ ორგანოებთან და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის შემუშავება, რათა მიზანი იქნეს მიღწეული” – აცხადებს სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე.
ცნობისთვის, პროფესიულ წრეებთან შეხვედრამდე მარიკა არევაძე, პარტია “ხალხისთვის” ლიდერის, ანა დოლიძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მისი, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატის ხედვები და გეგმები გააცნო.