ირაკლი კოვზანაძე: მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია – ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილის მოუსმინეს, ქართული ეკონომიკის ძირითად გამოწვევაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

„მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია, რომელიც ბოლო ორი წელიწადია არის ორნიშნა და ბოლო მონაცემებით კიდევ გაიზარდა. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში, ეს არის მსოფლიო ბაზარზე სურსათის და  ენერგომატარებლის ფასის ზრდა, მონეტარული პოლიტიკა, ბიუჯეტის დეფიციტი,  ლარის კურსი დოლარიზაციის მაღალ დონის პირობებში, ბაზრის დივერსიფიკაცია და კონკურენციის გაზრდა.

პირველი ფაქტორი, მსოფლიო ბაზარზე  სურსათზე და ენერგომატარებელზე ფასების ზრდა, ჩვენზე არ არის დამოკიდებული და გლობალურ პრობლემას წარმოადგენს.  მეორე ფაქტორი – მონეტარული პოლიტიკა ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულია და დღეს ის პასუხობს არსებულ  გამოწვევას. მესამე ფაქტორი – ბიუჯეტის დეფიციტია, რომელიც  პანდემიიდან გამომდინარე გაზრდილი იყო და ჩვენი კომიტეტის მკაცრ კრიტიკას იმსახურებდა.  მეოთხე ფაქტორი ეს არის ლარის კურსი. ბოლო პერიოდია ლარი გამყარდა დაახლოებით 10%-ით. მეხუთე ფაქტორი ეს არის ბაზრების დივერსიფიკაცია და კონკურენციის ზრდა.  ამ მიმართულებით კარგი მაგალითია ფარმაცევტული ბაზრის ლიბერალიზაცია. ვფიქრობ, ზოგიერთი სხვა დარგის თუ  სექტორის მიმართაც იგივე ტიპის ნაბიჯებია გადასადგმელი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ინფლაციის პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია ნაბიჯია შიდა ბაზარზე კონკურენციის გაზრდა.

„ცხადია, ინფლაციის მართვა არის ცენტრალური ბანკის პასუხისმგებლობის სფერო, თუმცა მხოლოდ მონეტარული მეთოდებით ამ პრობლემის მოგვარება დროში იჭიმება და ვერ ხერხდება, საჭიროა მთავრობის უფრო აქტიური ჩართულობა.  პირველ რიგში შიდა ბაზრის მაქსიმალური გაზრდა, კონკურენციის ზრდის კუთხით. ასეთ შემთხვევაში ეფექტი კიდევ უფრო სწრაფი იქნება და საქართველოს მოქალაქეები უფრო სწრაფად იგრძნობენ იმ ეფექტს, რისი დანახვაც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები