“ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია,” – “ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში, ხვალ მსვლელობა გაიმართება
ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ქალბატონებმა სკრინინგი აუცილებლად უნდა გაიკეთონ. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი ეს დაავადება ძალიან მარტივად განსაკურნებელია, – ამის შესახებ ონკოპაციენტთა ორგანიზაცია “ევროპა დონა -საქართველოს” საბჭოს წევრმა, თამარ ნიშნიანიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ნიშნიანიძის თქმით, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხვალ თბილისში აქცია- მსვლელობა ჩატარდება.
მისივე თქმით, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება.
“მინდა, “ვარდისფერი ოქტომბრის” თვეზე გესაუბროთ. რატომ არის ოქტომბერი “ვარდისფერი” – 1997 წლიდან მთელს მსოფლიოში ეს თვე აღინიშნება, როგორც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ინფორმაცია ყველას არ აქვს, ან ზოგი ყურადღებას არ აქცევს. მე გახლავართ პაციენტი, რთული გზა გამოვიარე, ამიტომ, ამ ორგანიზაციაში ვარ და მინდა, რაც შეიძლება მეტმა ქალმა გაიგოს, რომ ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. “ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში “ევროპა დონა -საქართველო” თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად ხვალ, 6 ოქტომბერს, 11: 00 საათზე თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის ირგვლივ ჯაჭვის გაკეთებას, ვარდისფერ მსვლელობას ვგეგმავთ. იქნება მოწოდება ქალებისადმი, ასევე, ხელმისაწვდომობის მოთხოვნა, რათა მკურნალობა და დაიგნოსტიკა სრულყოფილი იყოს. გარდა ამ მსვლელობისა და ჯაჭვისა, თბილისსა და რეგიონებში საინფორმაციო კამპანიები, ქალბატონებთან შეხვედრები, ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდებაა დაგეგმილი. აუცილებელია სკრინინგის ჩატარება იმისათვის, რომ ეს დაავადება ადრეულ სტადიაზე იქნეს აღმოჩენილი. სტატისტიკა არის ისეთი, რომ, სამწუხაროდ, ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილზე ძუძუს კიბოა. წელიწადში დაახლოებით 1900- მდე ახალი შემთხვევაა. დიაგნოზის დადასტურების შიშით რომ არ მივიდეს ადამიანი და გამოკვლევები არ გაიკეთოს, ეს არასწორია. შეიძლება, დიაგნოზი სულაც არ დადასტურდეს და ადამიანი მშვიდად წამოვიდეს გამოკვლევიდან”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.
მისივე თქმით, 40 წელს ზემოთ ქალბატონებისთვის სკრინინგი უფასოა.
“რადგანაც ეს დაავადება უფრო მეტად 40 წლის ზემოთ ქალბატონებშია გავრცელებული, სკრინინგი 40 წლიდან უფასოა. ქალბატონები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ და სკრინინგი გაიკეთონ. სამწუხაროდ, ეს დაავადება გაახალგაზრდავდა, არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდებსაც უდასტურდებათ. აუცილებელია, 20 წლის ასაკიდანაც კი მივიდნენ ექიმთან, გამოკვლევები ჩაიტარონ, ეს პროცესი მუდმივად აკონტროლონ, ვინაიდან ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი ეს დაავადება ძალიან მარტივად განსაკურნებელია და ისეთი რთული გზის გავლა არ მოუხდებათ, რაც მე გავიარე, სამწუხაროდ, ადრეულ სტადიაზე ვერ აღმოვაჩინე. მოგეხსენებათ, ონკოლოგიური დაავადებები ისეთია, სანამ შორს არ წავა, გამოვლინება არ აქვს, ამიტომ, აუცილებელია, ადამიანი, რომელიც თავს კარგად გრძნობს, ექიმთან მივიდეს და გამოკვლევები გაიკეთოს. შიში ყველაზე ცუდი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის იმას, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. ადრეულ სტადიაზე მკურნალობა მარტივია. ეს განაჩენი არაა. “შენი სიცოცხლე შენს ხელშია” – ეს ხვალინდელი მსვლელობის ერთ-ერთი სლოგანია. ყველას მინდა, ხმა მივაწვდინო, განსაკუთრებით ჩემი დიაგნოზის შემდეგ ამას ვემსახურები, 8 წელია გასული იმ რთული გზიდან, რაც გავიარე. 8 წელი ცოტა არაა, კიდევ დიდ ხანს ვაპირებ, ვიცოცხლო და მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რომ დაავადების შორსწასული ფორმა რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა აღმოაჩინოს. ნუ შეგეშინდებათ გამოკვლევის. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში ძალიან მარტივად მიხედავთ, ქიმიოთერაპიის კურსიც არ დასჭირდება ადამიანს. დღეს მედიცინა ძალიან წინაა წასული, უამრავი პრეპარატია ისეთი, რომლის მიღების შემთხვევაში, შეიძლება, ადამიანი გვიან სტადიაზეც გამოჯანმრთელდეს. არის ის პრობლემა, რომ მეტასტაზური პაციენტებისთვის ზოგ შემთხვევაში ისეთი პრეპარატებია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს . მათ სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს. სახელმწიფომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ საკმაოდ ძვირიანი პრეპარატები, გამოკვლევა და მკურნალობა დაფინანსდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს უფრო მეტად სრულყოფილი გახდება. ის მხარდაჭერა რაც დღესაა, ხვალ იქნება საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მათ. ჩვენი მიზანია, ექიმთან რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს”, – განაცხადა თამარ ნიშნიანიძემ.