MKD Law სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

იურიდიული კომპანია – MKD Law სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავები სხვადასხვა იურისდიქციაში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა. სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიხედვით, „კრედიტ სუისს“-მა მასზე დაკისრებული თანხა, 607.35 მილიონი აშშ დოლარი, სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო გამარჯვებულ მხარეს აღნიშნულ თანხაზე წვდომა გაუჩნდება მას შემდეგ, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება.

ამ ინფორმაციის გაჟღერების კვალდაკვალ, ჩვენ ვაცხადებდით, რომ საქმის განვითარების შესახებ საზოგადოებას კურსში ვამყოფებდით იმ მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საკითხის მიმართ არსებობს. ამ პრესრელიზის მიზანი სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა კიდევ ერთი სასამართლო დავის შესახებ, რომლის არსებითი განხილვები სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში. ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა თავად მთავარი მოსარჩელის, ბატონი ივანიშვილის გამოკითხვაც.

სადავო საკითხის პრეცედენტული მნიშვნელობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ სადავო თანხა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება (საიდანაც არსებობს გარკვეული გადაფარვები ბერმუდაზე მიკუთვნებულ თანხასთან, ხოლო წმინდად დასაკისრებელი თანხა, მოსარჩელის პოზიციით, 900 მილიონ აშშ დოლარს აღემატება), სასამართლოს მიმდინარეობა ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით. აღნიშნულის დასტურად, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ სინგაპურში მიმდინარე პროცესი ჯამურად, დაახლოებით, 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა. მათ შორის, სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“. საყურადღებოა, რომ თემა არ გაშუქდა ბატონი ივანიშვილისადმი ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი მედიის მიერ საქართველოში, რის მიზეზიც, ვფიქრობთ, ცხადია, თუკი გავეცნობით ამავე საკითხზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურებას, რომელიც ცალსახად პოზიტიური იყო მოსარჩელე მხარისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის („კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული სატრასტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ტრასტიდან, რომელიც ემსახურებოდა კლიენტს) პოზიციებს საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა: პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ბატონი ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის. ჩვენ შეგნებულად აღარ შევალთ უფრო დეტალურ შეფასებაში და წინ არ გავუსწრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი დავაკვირდებოდით სასამართლო პროცესს, იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი. კრიტიკული მედიის მხრიდან ამ საკითხზე დუმილი, ვფიქრობთ, სწორედ ამგვარ რეალობას – ბატონი ივანიშვილის მიერ წარმატებულად წარმართულ პროცესს მიეწერება.

გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ დავის მიმდინარეობისას გამოკვეთილ კიდევ რამდენიმე საგულისხმო გარემოებაზე, რაც საზოგადოებას პროცესის უკეთ, უფრო ნატურალურად აღქმის უკეთეს მისცემს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, ცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე. მეტიც, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ჩვენების მიცემისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა დანაშაულებს. მოსამართლემ იქვე დაუსვა ბანკს შეკითხვა ამ საკითხზე, რის შედეგადაც ბანკი იძულებული გახდა მარტიდან გაჩერებული თანხების ნაწილი გადმოერიცხა კლიენტისთვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე ტრასტის მიერ ამავე პერიოდიდან, მარტის თვიდან გაჩერებული ძირითადი თანხები, რასაც ბანკი „აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერდა, კვლავაც არ არის გადმორიცხული. ამ საკითხზე სინგაპურის სასამართლო რეაგირებას ვერ მოახდენდა, რადგან ხსენებული მეორე ტრასტი სხვა იურისდიქციას ეკუთვნის. საგანგებოდ ხასგასასმელია ისიც, რომ სინგაპურის ტრასტიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს „კრედიტ სუისს“-ის ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული თანხებისა. თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამე გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის. ამდენად, ბანკი ხელწერა არ შეცვლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირე-აქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები