გელათს, მორიგი მონიტორინგის მიზნით, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი მორიგი ვიზიტით ეწვია.

ალესანდრო მასარის ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის ძირითად ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა იმ ფონზე, როდესაც ტაძრის დასავლეთ მკლავის ხარვეზიანი გადახურვა მაისის თვიდან გახსნილია, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა და მიმდინარეობს ტაძრის კედლების გამოშრობა.

კლიმატოლოგი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება და, ამ პერიოდის განმავლობაში, მეცნიერულად შეისწავლის ყველა საჭირო მონაცემს, დააკვირდება ტაძარში მიმდინარე შრობის პროცესს, რის შედეგადაც მის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, კულტურის სამინისტრო შემდგომ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი თუნუქის საფარი და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავი მოიხსნა და ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო.

სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და ზაფხულში დასრულდა. დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგრომეტრული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით მიმდინარეობდა.

ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი იყო ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. მანამდე, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობდა, რაც აფერხებდა ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნიდა კედლის მხატვრობას.

კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭირო იყო ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნებოდა და სწორედ მათი რეკომენდაციების შესაბამისად მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა.

საგანგებოდ ამ პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, იმყოფებოდნენ. ამასთან, ადგილზე მუშაობდა UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე ზედამხედველობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით.

კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა.

UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში 2021 წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი, ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პოლიერი ეწვივნენ. 2021 წლის ნოემბერში კი, სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან საგანგებოდ შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე მომუშავე (არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, კედლის მხატვრობის სპეციალისტები და ა.შ.) ჯგუფი, რომელთანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტაძარში წყლის ჩადინება 2020 წლის ბოლოდან აღარ ხდება და ამას ადასტურებს ICOMOS-იც კულტურის სამინისტროსთვის გამოგზავნილი დასკვნაც. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში სამინისტრომ UNESCO-ს მრჩეველ ორგანიზაციას

ICOMOS-ს (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიაწოდა გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოებისა და კვლევების დეტალური ანგარიში და 2022 წლის თებერვალში მიიღო 2 დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სამონასტრო კომპლექსში სამინისტროს მოწვევით ჩამოსული საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევები, ასევე, მათ მიერ შერჩეული მეთოდოლოგია და ჩატარებული გადაუდებელი სამუშაოები, როგორც კედლის მხატვრობის, ასევე არქიტექტურის ნაწილში, ICOMOS-ის დადებით შეფასებას იმსახურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები