გიორგი ცუცქირიძე: იმაზე დიდი კოლაბორაციონიზმი, როგორიც 2006-2012 წლებში რუსული კომპანიებისთვის ქართული სახელმწიფო აქტივების გადაცემა იყო, ბუნებაში არ არსებობს

თუ კოლაბორაციონიზმზე მიდგა საერთოდ საუბარი, რუსული სახელმწიფო კომპანიებისათვის ქართული სახელმწიფო აქტივების გადაცემა 2006-2012 წლებში, ანუ თვით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგაც უკვე ოკუპანტი ქვეყნისათვის, ამაზე დიდი კოლაბორაციონიზმი ბუნებაში არც არსებობს და არც არსებულა ოდესმე, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი დღეს „ქართულ ოცნებას“ ბრალს სდებს კოლაბორაციონიზმში და რუსული ინტერესების გატარებაში, არაოპოზიციური მედია საშუალებების მხრიდან ამ თემის ნაკლებად აქტუალიზაცია გაუგებარია.

„დღეს, როდესაც რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში ფაქტობრივად გადაიქცა რუსეთ-დასავლეთის ომად, განსაკუთრებით პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების მიერთება-მიტაცების შემდეგ, ე.წ რეფერენდუმების საფუძველზე, სულ უფრო აქტუალური ხდება მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები.

მიმაჩნია, რომ გადასაფასებელია რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის ცალკეული ასპექტები. აქ პირველ რიგში ვგულისხმობ, რუსეთის მხრიდან ქართული ტერიტორიების ნაწილის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საკითხს. ითვლება, რომ რუსეთმა თბილისის აღებისგან თავი იმიტომაც შეიკავა, რომ  აქ ევროპული ქვეყნების პირველი პირები იყვნენ ჩამოსული. ვგულისხმობ, ბალტიის ქვეყნების, უკრაინის და პოლონეთის პირველ პირებს. არ უარვყოფ, რომ მათ ვიზიტს იმ მართლა არაორდინარულ და კრიტიკულ სიტუაციაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს თემა ზედმეტად არის გაბუქებული.

მაშინდელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მემუარები ამ, მხრივ მეტად საინტერესოა, სადაც ის პირდაპირ ხსნის კარტს და ამბობს, რომ რუსეთის პირველი დიპლომატის, ლავროვის  ზარი და გაჟღერებული მოთხოვნა სააკაშვილის ხელისუფლების გაშვებაზე არ იყო შემთხვევითი. მართალია, მან მიიღო უარი ამ აშკარად არადიპლომატიურ შეთავაზებაზე, თუმცა ამას შემდგომში მოჰყვა ცნობილი გადატვირთვის პოლიტიკა აშშ-სა და რუსეთს შორის.

მოვლენათა შემდგომმა განვითარებამაც აჩვენა, რომ არც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო შემთხვევითი, და არც ის სამართლიანი საპროტესტო მუხტი, რომელიც პერმანენტული მრავალათასიანი მიტინგების გამოხატულება იყო ადამიანის უფლებათა დამთრგუნველი და ტერორზე აგებული რეჟიმის წინააღმდეგ.

ამ გადატვირთვის პოლიტიკის შედეგი იყო დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა და უცხოური კაპიტალის შესვლა რუსულ ეკონომიკაში. თვალსაჩინოებისათვის ვიტყვი, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში 2008 წლიდან 2021 წლამდე გაიზარდა 81.3 ტრილიონი რუსული რუბლიდან 93.4 ტრილიონ რუბლამდე ანუ 15 %-ით, ხოლო რუსეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current international, USD), ამავე პერიოდში გაიზარდა 2,88 ტრილიონი აშშ დოლარიდან 4.79 აშშ ტრილიონ დოლარამდე და ეს ყველაფერი ხდება ყირიმის ოკუპაციის შემდეგაც.

აქედანაც ჩანს, რომ რუსული ეკონომიკა იზრდებოდა უცხოური კაპიტალის მხარდაჭერით, რაც აისახებოდა ამერიკული და ევროპული საბანკო და ტრანსნაციონალური კომპანიების რუსულ ბაზარზე გაზრდილი ოპერირების შედეგად. ასაქმებდნენ რა ასეულ ათასობით რუსულ მუშა ხელს, არანაკლებ სოლიდური თანხებიც შეჰქონდათ რუსეთის ბიუჯეტში.

ჩვენ გვახსოვს უკრაინაში შეჭრის შემდეგაც, უკვე გამკაცრებული სანქციების ფონზე, რამდენიმე თვე დასჭირდა ამ კომპანიების გამოსვლის გადაწყვეტილებას რუსული ბაზრიდან. ეს ფრანგულ “რენოსაც” ეხება, ამერიკულ “კოკა კოლასაც” და საერთაშორისო ბანკებსაც. აქედანაც ვხედავთ, რომ გლობალურ პოლიტიკურ პასეანსში ცალმხრივი ინტერესი არ არსებობს. შენ არ უნდა იყო მიამიტი ან სულაც იდიოტი, რომ ამ გლობალური თამაშების არქიტექტურა არ გესმოდეს!

ეს ყველაფერი იმისათვის მოვიყვანე, რომ თბილისში არ შემოსვლა და ხელისუფლების ცვლილება პუტინს მაშინ უბრალოდ არ უღირდა, მით უმეტეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება ისედაც ხახვივით შერჩა დასავლეთთან სარფიანი ვაჭრობის გამო, და ამავდროულად არც დასავლეთს მოუკლავს დიდად თავი ჩვენი მხარდაჭერისათვის თუ არაღიარების პოლიტიკას არ მივიღებთ მხედველობაში, რისი საშუალებაც სწორედ სააკაშვილის ბრიყვულმა და არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ მისცა და ისიც ყველაზე რბილი შეფასებისას.

გაცილებით მკვეთრი შეფასებებისაგან, რაშიდაც მათ ბრალი სახელმწიფო ღალატში ედებათ, ამჯერად თავს შევიკავებდი.

თუ კოლაბორაციონიზმზე მიდგა საერთოდ საუბარი, რუსული სახელმწიფო კომპანიებისათვის ქართული სახელმწიფო აქტივების გადაცემა 2006-2012 წლებში, ანუ თვით 2008 წლის კონფლიქტის შემდეგაც უკვე ოკუპანტი ქვეყნისათვის, ამაზე დიდი კოლაბორაციონიზმი ბუნებაში არც არსებობს და არც არსებულა ოდესმე.

ეს არის ის მწარე რეალობა, რაზეც გასაგებია რატომაც დუმს ოპოზიციური მედია, მაგრამ როდესაც ამ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი დღეს „ქართულ ოცნებას“ ბრალს სდებს კოლაბორაციონიზმში და რუსული ინტერესების გატარებაში, ცოტა გაუგებარია ამ თემის ნაკლებად აქტუალიზაცია არაოპოზიციური მედია საშუალებების მხრიდან.

მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე გაცილებით დეტალურად შემდეგ ნაწილში მექნება საუბარი“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები