გიორგი ტყემალაძე – ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან მრავალმხრივი თანამშრომლობა’’

სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი თბილისი’’ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელების გარშემო დიალოგის წარმართვა, ასევე, არსებული გამოწვევების, გადაჭრის გზებისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. ფორუმის წევრებმა დისკუსია საბაზისო შეფასების შედეგად თავმოყრილი, სისტემატიზებული და გაანალიზებული შედეგების გარშემო წარმართეს და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლო სტრატეგია და თანამშრომლობის გზები განსაზღვრეს. ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი (ათეა), თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოვიდა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მიღწევები, რაც საქართველოს მუნიციპალიტეტებს აქვს ადგილობრივ დონეზე, ადამიანის უფლებების განხორციელების თვალსაზრისით განვავითაროთ. ამასთანავე, საჭიროა, უფრო ეფექტური და ქმედითი გავხადოთ ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ის პროგრამები, რომლებიც სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებას ემსახურება. ასევე მნიშვნელოვანია თანასწორობის ხელშეწყობა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეულ გარემოში ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები მუდმივად ვითარდება. შესაბამისად, ჩვენ მოწოდებული ვართ სიახლეები ავსახოთ ადგილობრივ პოლიტიკაში და გავაძლიეროთ შესაბამისი შესაძლებლობები’’,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნულ პროცესში ათეას მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
ადამიანის უფლებების საკითხებზე კი ევროპის საბჭო ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელმა ჰერალდ ბერგმანმა ისაუბრა. აღნიშნული სესია ასევე ადგილობრივი ინიციატივების შესახებ საგრანტო კონკურსის პრეზენტაციასაც დაეთმო. დასასრულს, ფორუმის წევრებმა ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით საჭირო ძალისხმევის შესახებ შეხედულებები გამოთქვეს და მმართველობის ყველა დონეზე ინტენსიური დიალოგისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მხრივ მათი, როგორც ათეა-ს წევრების მოლოდინები გააზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები