რუსთაველის თეატრში ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. მინისტრმა ლოტბარს იუბილე პირადად მიულოცა და ქართული (გურული) ხალხური სიმღერის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპატიო სიგელი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ტრისტან სიხარულიძე მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული სასცენო სამოსით, ჩაქურა ჩოხით წარდგა, რომელიც მას კულტურის სამინისტრომ უსახსოვრა.
კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „ერისიონი“, „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰო“, „შილდა“, „დიდგორი“, „ადილეი“, „შვიდკაცა“, „რეხეული“, „შალვა ჩემო“. ღონისძიებას თეატრის ფოიეში ლოტბარის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა ერთოდა.
„მომღერალთა გვარისა და ოჯახის წარმომადგენელი, ცნობილი ლოტბარისა და შემსრულებლის ილარიონ სიხარულიძის ვაჟი, ტრისტან სიხარულიძე, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე ქართული ფოლკლორული (გურული) სიმღერის გამორჩეული ოსტატი და შეუდარებელი იმპროვიზატორია. იგი 1965-1966 წლებში ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, დაარსების დღიდან კი, ლეგენდარული „შვიდკაცას“ განუმეორებელი მეორე ხმა (წყება) და ოზურგეთის ბიჭუნათა ანსამბლ „კრიმანჭულის“ ლოტბარი გახლდათ.
ტრისტან სიხარულიძემ მოიძია და აღადგინა გურული სიმღერები და მათი ვარიანტები. ხელმძღვანელობდა ფოლკლორულ გუნდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელთა შორისაა იუნესკოს ეგიდით ოზურგეთში დაარსებული გურული სიმღერა-გალობისა და კრიმანჭულის შემსწავლელი სკოლა. ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად ჩაწერილი აქვს საეტაპო მნიშვნელობის სიმღერები. 2000 წელს, ანზორ ერქომაიშვილთან და გური სიხარულიძესთან ერთად ჩაწერა მუსიკალური ალბომი „ჩვენ მშვიდობა“, რომელშიც 26 გურული სიმღერაა შესული. ასევე, ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით, გური სიხარულიძესა და ოთარ ბერძენიშვილთან ერთად გამოსცა გურული სიმღერების სასწავლო ალბომი. ამჟამად მომღერალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის კონსულტანტია.
ბატონი ტრისტანი გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი და ფოლკლორის ეროვნული პრემიის პირველი ლაურეატი. ღვაწლმოსილი ლოტბარი ფონდმა ,,ქართულმა გალობამ” 2013 წელს ,,ქართული ფოლკლორის მოამაგის” ტიტულითა და სპეციალური პრემიით დააჯილდოვა; ამასთან, გამოსცა ანზორ ერქომაიშვილის მონოგრაფია ,,გური და ტრისტან სიხარულიძეები”“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები