თელავის ფესტივალის ფარგლებში კამერული მუსიკის საღამო გაიმართა

„მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“ კიდევ ერთი სასიამოვნო ღონისძიების მასპინძელი გახდა – თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
მსმენელის წინაშე ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, პიანისტი – ელისო ვირსალაძე, მევიოლინე – ანდრეი ბარანოვი და ჩელისტი – ალექსანდრ რუდინი წარდგნენ.
საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მმართველობის ფარგლებში მოქმედი სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებას, ტრადიციის მიხედვით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრი მასპინძლობს.
საფესტივალო კონცერტებში მონაწილეობენ პიანისტი ელისო ვირსალაძე, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები მევიოლინეები – სტელა ჩენი, ტიმოთი ჩოი და ანდრეი ბარანოვი, ჩელისტები – ალექსანდრ რუდინი, ალექსეი შადრინი და ალექსანდრ რამი.
საფესტივალო ორკესტრი დაკომპლექტებულია „საქართველოს სინფონიეტას”, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსებისაგან; მას ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი – არიელ ცუკერმანი დირიჟორობს.
ფესტივალზე, წელსაც, ტრადიციისამებრ, წარმოდგენილია საგანმანათლებლო კომპონენტი – თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო კოლეჯში ტარდება ფორტეპიანოს, ვიოლინოს,ფლეიტის და ჰობოის სპეციალობით, ხოლო თელავის ისტორიულ მუზეუმში, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის იმართება „საუბრები მუსიკაზე“, რომლებსაც ცნობილი ქართველი მუსიკოსები რევაზ ტაკიძე და დინი ვირსალაძე უძღვებიან.
„ფესტივალის მეგობართა საზოგადოების“ ხელშეწყობით, თელავის თეატრი ასევე მასპინძლობს მხატვარ დიმიტრი ანთაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც 1-ელ ოქტომბერს, საღამოს 7-ის ნახევარზე გაიხსნება. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საფესტივალო დღეებში კლასიკური მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას საშუალება ეძლევა, იხილოს თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები. დიმიტრი ანთაძის ნამუშევართა გამოფენები ეწყობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ელისო ვირსალაძის მიერ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად იმართება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიება განებივრებულია სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსების მასპინძლობით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები