შალვა პაპუაშვილი – ლუკაშენკოს “ვიზიტზე”: მიუღებელია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ლიდერის შემოსვლა საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად
მნიშვნელოვანია, ბელარუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე ადეკვატური და მკაცრი რეაგირება იყო. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ბელარუსი არ გადაუხვევს არაღიარების პოლიტიკას.
„აქ მთავარი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიო, ცხადი და ამავე დროს გათვლილი დიპლომატიური ნაბიჯები. ვნახეთ, რომ იყო საკმაოდ ადეკვატური, მკაცრი რეაგირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როდესაც დაიბარა ბელარუსის ელჩი და მოსთხოვა განმარტებები.
ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ლიდერის შემოსვლა საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი არის, რომ ბელარუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური ნაბიჯები, რომელიც გადადგა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განცხადებები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო, მივიდა ადრესატამდე და გვექნება ადეკვატური რეაქციები. საკმარისი არის, როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ბელარუსი არ გადაუხვევს არაღიარების პოლიტიკას, ვინაიდან ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ერთი მხრივ, არ იმსახურებდა ამ ნაბიჯს და მეორე მხრივ, ეს არის უკიდურესი წითელი ხაზი, რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. ამიტომაც, იქნა შესაბამისი დიპლომატიური ინსტრუმენტები გამოყენებული, ჩვენი განცხადებები გაკეთებული და იმედი მაქვს, რომ ადრესატი ამას სათანადოდ აღიქვამს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.