ილია დარჩიაშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებთან

2022 წლის 29 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამ კუთხით ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და დაგეგმილ ნაბიჯებს. COEST-ის დელეგაციამ კიდევ ერთხელ მიულოცა ქართულ მხარეს 2022 წლის ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, რითიც ქვეყანას ოფიციალურად გაეხსნა გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მკაცრად და ერთსულოვნად იქნა დაგმობილი, ბელარუსის დელეგაციის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ განხორციელებული ვიზიტი.

COEST-ის დელეგაცია ასევე მიესალმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და გატარებულ კომპლექსურ რეფორმებს. შეხვედრის ფარგლებში, ზოგადად მიმოიხილეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები, რეგიონში უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე მზაობა ქვეყნის ევროპული დღის წესრიგისა და დასახული პრიორიტეტების, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე COEST-ის დელეგაციამ საქართველოში განხორციელებული ვიზიტი უაღრესად დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები