ალექსანდრე დარახველიძე – ლუკაშენკოს ვიზიტზე ოკუპირებულ აფხაზეთში: ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა
ვგმობთ მის „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, – ასე აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.
მისი თქმით, სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად იმოქმედებს.
“ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, რა თქმა უნდა, ვგმობთ მის „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იმისათვის, რომ ადეკვატური პასუხი გაეცეს ამ პროვოკაციულ ქმედებას. საერთაშორისო სამართლით შესაბამისი ღონისძიებები არის გათვალისწინებული და სახელმწიფო იმ ნორმების შესაბამისად იმოქმედებს”, – განაცხადა დარახველიძემ.
ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.