ირაკლი ჩიქოვანი: ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, რომელსაც არ შეიძლება, სხვა შეფასება ჰქონდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჩიქოვანის განმარტებით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები დაძაბულია, რაც კიდევ უფრო გაართულა ლუკაშენკოს ვიზიტმა.

“პრაქტიკულად, ეს ურთიერთობები უკვე მისულია წითელ ხაზთან და ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ, რომ რაც უნდა ხდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ოკუპირებული ტერიტორიები ვერ გახდებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები, ისინი არიან საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები და რა თქმა უნდა, საქართველო განაგრძობს მშვიდობიან პოლიტიკას, რათა ერთად ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო, რომლის ადგილიც არის ევროპაში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები