თეა წულუკიანი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის  – „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრო

თეა წულუკიანი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრო.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის – „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში ვახტანგ კახიძის ახალი ნაწარმოებების პრემიერა გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ: საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა; სოლისტები: ქეთევან ქართველიშვილი, დავით მაჭავარიანი, მიხეილ ედიშერაშვილი (ვოკალი), რომან სიმოვიჩი (ვიოლინო), ანდრო დგებუაძე (ინდური ფლეიტა/ბანსური), გიორგი ონიანი (დოლი); მთავარი ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრი თბილისის მერიის მხარდაჭერით გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე სხვადასხვა ჟანრის მოყვარული მსმენელს 12 კონცერტს სთავაზობს.
კონცერტებში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები, მათ შორის: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ლა – სკალას კამერული ორკესტრი, საქართველოს კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სინფონიეტა“, გია ყანჩელის სახელობის ,,თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი“, ტონი მომრელი და ბენდი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, გორისა და თბილისის ქალთა გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“ და ,,შავნაბადა“; დირიჟორები – ვახტანგ კახიძე, გაბორ ჰოლერუნგი და მირიან ხუხუნაიშვილი.
ფესტივალი 23 ოქტომბერს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურება.
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ 1993 წელს დაფუძნდა.
ფესტივალის სულის ჩამდგმელი მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე იყო. ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის, განსაკუთრებით – სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციასა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები